კახეთში მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია

რთველი

18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 92 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, კახეთში რთველი  კვლავ აქტიურ პროცესშია და  ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში  მიმდინარეობს.

„დღეღამურად, საშუალოდ 5-6 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 10200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია. ამ პერიოდში, ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 65-მდე ღვინის საწარმო კახეთის  თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს” –  ანდრო ასლანიშვილმა.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 175-მა ღვინის კომპანიამ.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში – 27-27 ათასი ტონა, შემდეგ მოდის თელავი – 18,5 ათასი ტ., სიღნაღი – 8,4 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 3,8 ათასი ტ., ახმეტა – 3 ათასი, ლაგოდეხი – 1,5 ათას ტონამდე და საგარეჯო – 955 ტონა.

მთლიანად გადამუშავებული ყურძნიდან 52 ათასი ტონა საფერავი, 29 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

თქვენი რეკლამა