იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მლნ. ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში  26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.

ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით.  ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 108% (219713 ბოთლი), ჩინეთი – 22% (2192025) და პოლონეთი – 16% (1173850).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი – 102% (106572), ბელარუსი – 88% (604076), საფრანგეთი – 81% (43938), მონღოლეთი – 72% (106452), კანადა – 70% (66960), ჰოლანდია – 37% (40930), ესტონეთი – 15% (214502), ლიეტუვა – 4% (179370), რუსეთი- 4% (16850331) და სხვა.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 67%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურმაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 74%).

მსოფლიოს 18  ქვეყანაში ექსპორტირებულია 140 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 68% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 382 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 31%).

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ყურაღებას ამახვილებს ექსპორტის ზრდაზე სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებზე, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში გადმოინაცვლა.

„მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. აღსანიშნავია, რომ თანხაში გამოსახული ზრდა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რაოდენობაში. ქართული ღვინის ექსპორტი იმ ნიშნულს აღწევს, რომ  რაოდენობაზე მეტად, აქცენტი ხარისხზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი.” – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

თქვენი რეკლამა