ევროპის ატმისა და ნექტარინის ბაზარზე კონკურენცია წელს კიდევ უფრო გამწვავდა. მოსავლიანობის ზრდამ, სხვადასხვა ქვეყანაში არათანაბარმა მოთხოვნამ და წარმოების ხარჯების ცვლილებამ ბაზარზე ახალი ვითარება შექმნა, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის მწარმოებლებს არ ეხება.
ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წელს ევროკავშირში ატმისა და ნექტარინის საერთო წარმოება დაახლოებით 2,74 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 8%-იანი ზრდაა. განსაკუთრებით მაღალი ზრდაა საბერძნეთში, სადაც ხელსაყრელმა ამინდებმა და კარგი აგროტექნოლოგიური პირობებმა მოსავლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა. წარმოების ზრდა ფიქსირდება ესპანეთსა და იტალიაშიც, რომლებიც ევროპის ბაზრის უმსხვილესი მომწოდებლები არიან.
მიწოდების ზრდამ ზოგიერთ ქვეყანაში ფასებზე ზეწოლაც უკვე გამოიწვია. განსაკუთრებით ეს იტალიაში შეინიშნება, სადაც მწარმოებლები გასულ წელთან შედარებით უფრო დაბალ ფასებს იღებენ. ამავე დროს, მაღალი ხარისხის პროდუქცია დასავლეთ ევროპის ბაზრებზე კვლავ კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე ბაზარზე წარმატებას მხოლოდ დიდი მოსავალი აღარ განსაზღვრავს.
ევროპული ბაზრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა თურქეთი, რომელიც ატმის ექსპორტს აქტიურად ზრდის. გეოგრაფიული სიახლოვე, განვითარებული ლოგისტიკა და კონკურენტული ფასები თურქ მწარმოებლებს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს. შესაბამისად, ევროპულ ბაზარზე კონკურენცია მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს შორის აღარ მიმდინარეობს — მასში სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ მეზობელი რეგიონების ექსპორტიორებიც.
ეს ტენდენცია საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. ქართული ატამი ხარისხით კონკურენტუნარიანია, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე წარმატებისთვის მხოლოდ კარგი მოსავალი აღარ არის საკმარისი. გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს პროდუქციის ერთგვაროვანი ხარისხი, დახარისხება, თანამედროვე შეფუთვა, ცივი ლოჯისტიკა და პროდუქტის დროული მიწოდება. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ექსპორტიორი მაღალი კონკურენციის პირობებში საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ევროპის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები ქართველი მეხილეებისთვის მხოლოდ გამოწვევა არ არის. თუ მწარმოებლები ხარისხის სტანდარტებს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ და საექსპორტო ბაზრებს გააფართოებენ, საქართველოს შესაძლებლობა ექნება კონკურენტულ გარემოშიც შეინარჩუნოს და გააძლიეროს საკუთარი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
ევროპის ატმის ბაზარზე მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თანამედროვე მეხილეობაში წარმატების მთავარი ფაქტორი უკვე არა მხოლოდ მოსავლის რაოდენობა, არამედ პროდუქციის ხარისხი, ეფექტიანი ლოჯისტიკა და ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირებაა.
წყარო: EastFruit
ატამი – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

