2020 წლის 27-28 ნოემბერს ექსპოჯორჯიაში პირველი მასშტაბური სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ექსპორტის ფორუმი გაიმართება – მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ფორუმი მთლიანად B2B ფორმატში, ონლაინ შეხვედრების კომპონენტით ჩატარდება.
„გასული თვეების განმავლობაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ექსპოჯორჯია თავის ჩვეულ საქმიანობას ვეღარ ეწეოდა – თუმცა, გადავწყვიტეთ, გამოფენების ცენტრი, როგორც საქმიანი შეხვედრების პლატფორმა, ეტაპობრივად დაუბრუნდეს ქართულ ეკონომიკას.
პირველ ასეთი პროექტი, აგრო ექსპორტის ფორუმი იქნება, რისი ჩატარების საჭიროება და მზაობაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა. ფორუმის ძირითადი მიზანია, აგრო და კვების მრეწველობის პროდუქტების მწარმოებლებს ხელი შევუწყოთ სარეალიზაციო არხების პოვნა/გაფართოებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე“ – ამბობს ექსპოჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა.
ფორუმის მონაწილე, შედარებით მცირე ზომის წარმოებებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ საცალო ვაჭრობის ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებს, სადისტრიბუციო კომპანიებს, ჰორეკა სექტორს და სხვა პოტენციურ პარტნიორებს.
საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის საერთაშორისო ნაწილში-წინასწარ დაგეგმილონლაინ შეხვედრებში სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებთან.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, მიზნობრივი ქვეყნებიდან 50 მსხვილი ექსპორტიორი და ჰორეკას სექტორის წარმომადგენელი.
„ფორუმის ფარგლებში მოხდება ფერმერებისთვის და მწარმოებლებისთვის საექსპორტოდ წარმოების, მომზადების და ექსპორტის განხორციელებისთვის აუცილებელი პროდუქტების და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის აგრო-ინვესტიციის პროდუქტების წარდგენა” – ამბობს ფორუმის ორგანიზატორი.
ასევე, ფორუმის ორივე დღეს გაიმართება კონფერენცია და ვორქშოპები. ფიზიკურად დამსწრეთა რაოდენობა იმ დროისათვის არსებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციით განისაზღვრება. კონფერენციის ტრანსლაცია სხვადასხვა თემატურ პორტალებზე მოხდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია: სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები პანდემიის შემდეგ.