13-14 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech Expo გაიმართება.
გამოფენა წარმოადგენს რეგიონში მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც, ტრადიციულად, თავს მოუყრის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ლიდერებს.
მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება, დაუკავშირდნენ მიზნობრივ ჯგუფებს, ინდუსტრიის პროფესიონალებს და პოტენციურ შემსყიდველებს. ღონისძიება განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს, დაამყარონ ახალი კონტაქტები და ხელი შეუწყონ ურთიერთთანამშრომლობას.

მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია. ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს სფეროს შესაძლებლობები და დაეხმაროს საქართველოსა და რეგიონში მომუშავე კომპანიებს, ეფექტურად ჩაერთონ ეკონომიკური წინსვლის პროცესში.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ინდუსტრიის უახლეს მიღწევებსა და პროდუქციას, მათ შორის:
- თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სასათბურე და სარწყავი სისტემები;
- სარგავი და სათესლე მასალები, უახლესი ტიპის სასუქები და პესტიციდები;
- საწარმოო აღჭურვილობა, შესაფუთი და ლოჯისტიკისთვის განკუთვნილი მასალები;
- კვების მრეწველობის მრავალფეროვანი პროდუქცია.

გამოფენის პარალელურად გაიმართება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც დარგის წამყვანი ექსპერტები აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. ღონისძიების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას უწყობს ხელს.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ექსპოზიცია და დაესწრონ ღონისძიებებს:
- თარიღი: 13-14 ნოემბერი
- სამუშაო საათები: 11:00-დან 18:00 საათამდე
- ადგილმდებარეობა: გამოფენების ცენტრი “ექსპოჯორჯია”
- ფერმერთა სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/fUyID
Agro/Food/Drink/Tech Expo წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რათა დაამყარონ სტრატეგიული პარტნიორობა, გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და შეარჩიონ საუკეთესო ინოვაციური გადაწყვეტილებები საკუთარი ბიზნესისთვის.

