ბულგარეთი ბიოდიზელზე მომუშავე 20 სამგზავრო მატარებელს შეიძენს

ბიოდიზელი, ავტობუსი, ბულგარეთი

ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტრო, ბიოდიზელზე მომუშავე 20 სამგზავრო მატარებლის შეძენას გეგმავს, ტენდერის გამოცხადება კი უახლოეს დღეებში იგეგმება, იტყობინება BioFuels International.

მინისტრ ნიკოლაი კარაჯოვის თქმით, ბიოდიზელის გამოყენება გარემოსდაცვითი სტანდარტების გამკაცრების კონტექსტში შესანიშნავი გამოსავალია და ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტრანსპორტის მიღწევისკენ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯს წარმოადგენს.

კარაჯოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთში საწვავის ყველა დისტრიბუტორი ამჟამად ვალდებულია, თითოეულ ავტოგასამართ სადგურს ბიოსაწვავის გარკვეული პროცენტი მიაწოდოს, თუმცა, ბოლო დრომდე ეს კანონი არ სრულდებოდა. მან აღნიშნა, რომ ახლა მიწოდების შეფერხების საბაბი აღარ იქნება და განმარტა, რომ ბიოდიზელის ხელმისაწვდომობა მომხმარებლის მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული, რომლის ფორმირებასაც მთავრობა აქტიურად გააგრძელებს.

ბულგარეთის მთავრობა პროგნოზირებს, რომ მძიმე სატვირთო მანქანებში, ავტობუსებსა და მატარებლებში ბიოდიზელის გამოყენების ზრდასთან ერთად, საწვავი უფრო ხელმისაწვდომი და გავრცელებული გახდება.

ბულგარული საინფორმაციო სააგენტოს (BTA) მიერ ბიოდიზელის წარმოების ღირებულების შესახებ დასმულ კითხვაზე კარაჯოვმა განაცხადა, რომ მისი ფასი ჩვეულებრივი საწვავის ღირებულებასთან მიახლოებულია. თუმცა, მან აღიარა, რომ ავიაციის სექტორში მდგრად საწვავზე გადასვლამ შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვიოს თვითმფრინავებისთვის საწვავის გადამუშავებასთან დაკავშირებული უფრო მკაცრი მოთხოვნების გამო. თუმცა, მთავრობა განახლებადი საწვავის გამოყენებით შემდგომი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

წყარო: biofuels-news.com

თქვენი რეკლამა