ბრტყელი ატამი (ლეღვისებრი, ფერგანის ატამი) – საინტერესო კულტურა მაღალი სამომხმარებლო ღირებულებით

ბრთყელი, ლეღვისებრი, ატამი

ბრტყელი ატამი (ლეღვისებრი, ფერგანის ატამი; Prunus persica var. platycarpa; სინონიმი: P. ferganensis Riab. et Kost.) ატმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორმაა, რომელიც ნაყოფის უჩვეულო, ბრტყელი ფორმით, ნაზი არომატითა და ტკბილი გემოთი გამოირჩევა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მას „დონატის ატმის“ (Donut Peach) ან „სატურნის ატმის“ (Saturn Peach) სახელითაც იცნობენ. ბოლო წლებში ამ კულტურის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მომხმარებლები სულ უფრო მეტად აფასებენ განსხვავებული ფორმისა და მაღალი ხარისხის ხილს.

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ბრტყელი ფორმა დაავადების, გარემო პირობების ან ხელოვნური ჩარევის შედეგი არ არის. იგი ბუნებრივი გენეტიკური თავისებურებით არის განპირობებული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩინეთში შეინარჩუნეს და სელექციის გზით გააუმჯობესეს. თანამედროვე ბრტყელი ატმის თითქმის ყველა ცნობილი ჯიში სწორედ ამ უძველესი გენეტიკური რესურსიდან იღებს სათავეს.

ბრტყელი ატმის წარმოშობის ცენტრად ჩინეთი მიიჩნევა, სადაც მისი კულტივირება რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით იგი ცენტრალური აზიის გავლით ევროპაში გავრცელდა, ხოლო XX საუკუნის მეორე ნახევრიდან კომერციული მნიშვნელობა შეიძინა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში. დღეს ეს ქვეყნები ბრტყელი ატმის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებლები არიან და პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გააქვთ.

ნაყოფი საშუალო ზომისაა, ძლიერი შებრტყელებული ფორმითა და მცირე ჩაღრმავებით ცენტრში. კანი თხელი და ხავერდოვანია, შეფერილობა კი, ჯიშის მიხედვით, კრემისფრიდან მუქ წითლამდე იცვლება. რბილობი ძალიან წვნიანი, ნაზი და არომატულია, ხოლო კურკა, როგორც წესი, შედარებით მცირე ზომისაა, რის გამოც საკვები ნაწილის წილი მაღალია.

ბრტყელი ატამი გამოირჩევა მაღალი შაქრიანობითა და დაბალი მჟავიანობით, რაც მას განსაკუთრებულად სასიამოვნო გემოს ანიჭებს. ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით, ბეტა-კაროტინით, კალიუმით, საკვები ბოჭკოებითა და ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით. რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებასა და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

აგრობიოლოგიური თვალსაზრისით, ბრტყელი ატმის მოთხოვნები დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ატმისგან. იგი საუკეთესოდ ვითარდება მზიან, ჰაერგამტარ და ნაყოფიერ ნიადაგებზე. საჭიროებს რეგულარულ გასხვლას, მორწყვას, მცენარეთა დაცვის ღონისძიებებსა და დაბალანსებულ კვებას. თანამედროვე სელექციამ შექმნა მრავალი მაღალპროდუქტიული ჯიში, რომლებიც გამოირჩევიან კარგი მოსავლიანობით, ტრანსპორტაბელურობითა და კომერციული ხარისხით.

საქართველოში ბრტყელი ატმის სამრეწველო ბაღები ჯერ ფართოდ გავრცელებული არ არის, თუმცა ბოლო წლებში ამ კულტურის მიმართ ინტერესი აშკარად იზრდება. ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ატმის წარმოება წარმატებით ვითარდება, სწორად შერჩეული ჯიშებისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიის გამოყენებით ბრტყელ ატამსაც აქვს წარმატებული გაშენების კარგი პერსპექტივა. მისი ორიგინალური გარეგნობა, გამორჩეული გემო და მაღალი საბაზრო ფასი ფერმერებისთვის დამატებითი ეკონომიკური უპირატესობის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ბრტყელი ატამი დღეს მხოლოდ ეგზოტიკურ ხილად აღარ ითვლება. იგი მსოფლიო ხილის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პრემიუმ პროდუქტად ყალიბდება, ხოლო მომხმარებელთა მზარდი ინტერესი ამ კულტურას მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს უქადის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე.

თქვენი რეკლამა