სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 27%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 75,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა როგორც ახალ, ისე ტრადიციული ბაზრებზე: იაპონია – 186% (97668), დიდი ბრიტანეთი – 109% (45210), ჩეხეთი – 87% (24408), სამხრეთ კორეა 76% (31380), გერმანია – 51% (252982), ნიდერლანდები – 45% (33399), რუსეთი – 38% (20439494), უკრაინა – 33% (3149059), პოლონეთი – 33% (1300222), ყაზახეთი – 32% (1379698), ლიეტუვა – 22% (172020), ლატვია – 22% (670260), ესტონეთი – 16% (216762), ბელარუსი – 11% (461952) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (20439494), უკრაინა (3149059), ჩინეთი (2331800), ყაზახეთი (1379698) და პოლონეთი (1300222).
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის 5 თვის მონაცემებს. ექსპორტირებული ბრენდი თანხაში შეადგენს 13,8 მლნ აშშ დოლარს (ზრდა 3%).
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 134 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 82%. სულ ექსპორტირებულია 418,3 ათასი დოლარის ღირებულების ჭაჭა (ზრდა 104%).
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული” – 5,7 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი” – 1,7 მლნ, „წინანდალი” – 1,4 მლნ, „ახაშენი” – 638 ათასი, „ხვანჭკარა” – 282 ათასი, „ტვიში” – 140 ათასი, „ყვარელი” – 58 ათასი ბოთლი და ა.შ.
სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 123,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.