ანანასის მსოფლიო ბაზარი წინასაახალწლო სეზონის მოლოდინში

ანანასის, მსოფლიო, ბაზარი

რამდენიმეთვიანი მერყეობის შემდეგ, ანანასის მსოფლიო ბაზარზე მიწოდება თანდათან აღდგა. ევროპაში ფასები სტაბილურია ან მცირედით იკლებს, საშობაო სეზონის მოახლოებასთან ერთად კი მოთხოვნის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი.

ლათინურ ამერიკაში არასტაბილური ამინდი და მზარდი ხარჯები კვლავ აფერხებს ექსპორტს. ჩრდილოეთ ამერიკაში ზაფხულის შემდეგ მოთხოვნა დასტაბილურდა, ინდოეთში კი ანანასის ნარგავების ფართობი 40%-ით გაიზარდა.

იტალია: ფასები სტაბილურია, სეზონური მოთხოვნის ზრდას ელიან

იტალიის ბაზარზე მოთხოვნა და მიწოდება დაბალანსებულია. მთავარ მიმწოდებლად კვლავ კოსტა-რიკა რჩება, რომელზეც ბაზრის 90–95% მოდის. ძირითადად MD2 ჯიშის ანანასი იყიდება.

საბითუმო ფასი დაბალი ხარისხის ნაყოფზე 0.80–1.00 ევრო/კგ-ს, ხოლო მაღალი ხარისხის პროდუქტზე 1.00–1.20 ევრო/კგ-ს შეადგენს. საზღვაო გადაზიდვის ხარჯი საწყისი ფასის 40–50%-ს აღწევს.

დეკემბრის ბოლო ათ დღეში მოთხოვნის 200–300%-ით ზრდას ელიან. YouGov-ის მონაცემებით, იტალიური ოჯახების 26% ანანასს ყიდულობს და წელიწადში საშუალოდ სამჯერ მოიხმარს. დეკემბერში კი ანანასს ყოველი მეათე ოჯახი ყიდულობს.

გერმანია: საშუალო ფასები და დაბალანსებული გაყიდვები

გერმანიაში ანანასის გაყიდვების ყველაზე აქტიური სეზონი იწყება. სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, იმპორტის მოცულობამ 133 000 ტონას გადააჭარბა, რომლის დაახლოებით 70% კოსტა-რიკაზე მოდის. სხვა მიმწოდებლებს შორის არიან პანამა, კენია და განა.

საცალო ქსელებში ძირითადად ზღვით გადაზიდული მწვანე ანანასი იყიდება, თუმცა პოპულარობით სარგებლობს ავიაგადაზიდვით შემოტანილი „ოქროს ანანასიც“ (Golden Pineapples). მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მცირე ზომის ნაყოფსა და წინასწარ დაჭრილ პროდუქტს.

იმპორტიორების შეფასებით, საშუალო ფასები ხელს უწყობს გაყიდვების სტაბილურობასა და ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის შენარჩუნებას.

ესპანეთი: კოსტა-რიკიდან მიწოდება შობის წინ უმჯობესდება

მესამე კვარტალში შექმნილი დეფიციტის შემდეგ, ესპანეთის ბაზარზე კოსტა-რიკული ანანასის მიწოდება ჩვეულ დონეს უბრუნდება. ოქტომბერში კოსტა-რიკაში ამინდის გაუმჯობესებამ მოსავლის აღების პროცესი და ნაყოფის ხარისხი გააუმჯობესა.

ესპანელი იმპორტიორები საშობაო სეზონზე მოთხოვნის ზრდას და ფასების შენარჩუნებას ელიან. სუპერმარკეტების დაგეგმილი აქციების ფონზე განსაკუთრებული მოთხოვნა, სავარაუდოდ, შეფერილ, სრულად დამწიფებულ ნაყოფზე იქნება.

ბელგია და ნიდერლანდები: მარაგები ივსება, ფასები მცირედით იკლებს

მაისი-ივლისის ჭარბი წარმოებისა და აგვისტო-სექტემბრის მკვეთრი დეფიციტის შემდეგ, ბენილუქსის ქვეყნების ბაზარზე აღდგენის ნიშნები შეინიშნება. მიწოდება იზრდება, ფასები კი მცირედით შემცირდა.

მოვაჭრეები იმედოვნებენ, რომ დეკემბრის სადღესასწაულო სეზონის წინ, როდესაც მოხმარება ტრადიციულად პიკს აღწევს, ამინდი და ლოგისტიკური შეფერხებები ბაზრის მუშაობას ხელს აღარ შეუშლის.

საფრანგეთი: მიწოდება აღდგა, მცირე ზომის ნაყოფი კი კვლავ დეფიციტურია

საფრანგეთის ბაზარზე ანანასის მარაგები საკმარისია. კოსტა-რიკიდან, რომელიც 2025 წელს ქვეყნის მთავარი მიმწოდებელი იყო, მიწოდება ოქტომბრიდან აღდგა. პარალელურად, მთელი წლის განმავლობაში ბაზარს ეკვადორული Extra Sweet და აფრიკული ანანასიც მიეწოდება.

თუმცა, ბაზარზე ძირითადად მსხვილი ნაყოფი ჭარბობს, მცირე ზომის ანანასის რაოდენობა კი შეზღუდულია. განსაკუთრებით მოთხოვნადია ყუთები, რომლებშიც 7–8 ცალი მცირე ზომის ნაყოფია მოთავსებული. ეს გარემოება მნიშვნელოვანი ხდება სადღესასწაულო აქციების დაგეგმვისას.

ლათინური ამერიკა: მერყევი მიწოდება და გაზრდილი ხარჯები

რეგიონში ანანასის ექსპორტზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს არასტაბილური ამინდი, წარმოების ხარჯების ზრდა და ნაყოფის ზომების ცვალებადობა. აშშ-სა და ევროპის გარდა, მწარმოებლები ალტერნატიულ ბაზრად ახლო აღმოსავლეთსაც განიხილავენ.

კოსტა-რიკა: 2026 წელს მოსავალზე უარყოფითად იმოქმედა მავნებლებმა და არახელსაყრელმა ამინდმა. ბაზარზე ძირითადად მე-5, მე-6 და მე-7 კალიბრის ნაყოფია წარმოდგენილი. ქარხნიდან ან საწყობიდან გატანის პირობით (Ex-works) საექსპორტო ფასი ერთ ყუთზე 12 ევროა მსხვილი მწვანე ანანასისთვის, ხოლო 15 ევრო — მზა, დამწიფებული ნაყოფისთვის.

კოლონის გამყარება აშშ დოლართან მიმართებით და წარმოების ხარჯების ზრდა ექსპორტის მომგებიანობას ამცირებს. 2027 წელს საექსპორტო მოცულობის 10–20%-ით შემცირებას ელიან.

პანამა: მოსავლის შემცირების გამო ადგილობრივ ბაზარზე ანანასის ფასი ერთ ყუთზე 10.34–11.20 ევრომდე გაიზარდა, მაშინ როდესაც საექსპორტო ფასი FOB პირობით 7.76 ევროს შეადგენს. ფასებს შორის სხვაობის გამო ფერმერებისთვის პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა უფრო მომგებიანია.

ეკვადორი: ბაზარზე ძირითადად მსხვილი, მე-5 და მე-6 კალიბრის ნაყოფი ჭარბობს, მცირე ზომის ანანასის მიწოდება კი შეზღუდულია. თუ ქვეყანა მიწოდების სტაბილურობას შეინარჩუნებს, საერთაშორისო ბაზარზე ალტერნატიული მიმწოდებლის პოზიციის გაძლიერების კარგი შესაძლებლობა ექნება.

ჩრდილოეთ ამერიკა: ბაზარზე მსხვილი ნაყოფი ჭარბობს

აშშ-სა და კანადაში ანანასის მთავარ მიმწოდებლად კვლავ კოსტა-რიკა რჩება, ეკვადორს კი შედარებით მცირე წილი უკავია. მიწოდებაში ჭარბობს მსხვილი, მე-5 და მე-6 კალიბრის ნაყოფი, მცირე ზომის — მე-7 და მე-8 კალიბრის ანანასები კი ნაკლებად გვხვდება.

ზაფხულის დასრულებისა და ტემპერატურის კლების შემდეგ მოთხოვნა დასტაბილურდა. შესაფუთი მასალების, მუშახელისა და საწვავის გაძვირების გამო მიმწოდებლებს უჭირთ სუპერმარკეტების მოთხოვნების დაკმაყოფილება დაბალი სააქციო ფასების პირობებში.

ინდოეთი: მაღალმა მოთხოვნამ ფასები გაზარდა

მაღალმა ტემპერატურამ და წვიმების სუსტმა სეზონმა ინდოეთში როგორც ახალ ანანასზე, ისე მისგან დამზადებულ წვენებზე მოთხოვნა გაზარდა.

ფასმა პიკს მიაღწია და 0.67 ევრო/კგ შეადგინა, ოქტომბერში კი 0.42 ევრო/კგ-მდე შემცირდა და დასტაბილურდა.

ხელსაყრელმა საბაზრო პირობებმა ფერმერებს წარმოების გაფართოებისკენ უბიძგა. შედეგად, ანანასის ნარგავების ფართობი წინა წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ნოემბრიდან მარტამდე, მოსავლის აღების პერიოდში, ფასების შემცირებას ელიან.

სამხრეთ აფრიკა: მიწოდების აღდგენა დეკემბრის შუა რიცხვებიდანაა მოსალოდნელი

მზის დამწვრობით გამოწვეული ზიანის გამო სამხრეთ აფრიკის ბაზარზე ანანასის მიწოდება შეზღუდულია, თუმცა დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მისი აღდგენაა მოსალოდნელი.

ამჟამად ბაზარზე არსებული ნაყოფი მაღალი ხარისხისაა. ერთი ცალის ფასი 0.65, ხოლო ერთი ყუთის — 5.98–7.07 ევრო.

გასულ კვირაში საშუალო ფასი 0.59 ევრო/კგ იყო, თუმცა ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ზაფხულის ხილის, მათ შორის კურკოვანი ხილისა და ყურძნის, ბაზარზე გამოჩენას ანანასზე მოთხოვნა არ შეუმცირებია.

ავსტრალია: მიწოდება ნელა აღდგება, ფერმერები კი იმპორტს უფრთხიან

ბუნებრივი ყვავილობის დარღვევების შემდეგ ავსტრალიაში ანანასის მიწოდება ნელა აღდგება, თუმცა მოთხოვნა და მიწოდება ამჟამად დაბალანსებულია.

ფერმერების შეშფოთებას იწვევს ინდონეზიიდან ანანასის მოსალოდნელი იმპორტი. მათი მთავარი საფიქრალი არა მხოლოდ კონკურენცია, არამედ მცენარეთა დაავადებების შემოტანის რისკიცაა, რაც ქვეყნის ბიოუსაფრთხოებას უკავშირდება.

ადგილობრივი ანანასი ხარისხით იმპორტირებულ პროდუქტს კონკურენციას უწევს. ავსტრალიური ნაყოფი გვირგვინით იყიდება, იმპორტირებულს კი გვირგვინი მოცილებული აქვს. მიუხედავად ამისა, საცალო ფასები წარმოების მზარდ ხარჯებს ვერ ეწევა.

სექტორში აქტიურად ინერგება ავტომატიზაციაც. ერთ-ერთმა ფერმერმა მოსავლის აღებისთვის პირველი რობოტიც კი შექმნა.

წყარო: FreshPlaza
ფოტო: აგროკავკასია / AI

თქვენი რეკლამა