მზესუმზირას გლობალური მოსავალი 12%-ით იზრდება — რა ელის ზეთის ბაზარს?

მზესუმზირა, წარმოება

მზესუმზირას მსოფლიო წარმოება 2026/27 მარკეტინგულ წელს 62 მილიონ ტონას გადააჭარბებს, რაც წინა სეზონთან შედარებით დაახლოებით 12%-იანი ზრდაა. ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ გაზრდილი მიწოდება მზესუმზირის ზეთის ფასებზე დამატებით ზეწოლას მოახდენს.

მზესუმზირას ზეთის ბაზარი უკვე განიცდის სუსტი მოთხოვნისა და მოსალოდნელი დიდი მოსავლის გავლენას. ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინული მზესუმზირას ზეთის ფასი CPT პირობებში დაახლოებით 150 დოლარით შემცირდა და ტონაზე 1 140 დოლარის დონემდე დაეცა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ფასებზე ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ახალი სეზონის მაღალი მოსავლის მოლოდინია. მსოფლიო წარმოების ზრდა მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ნედლეულის, ისე გადამუშავებული პროდუქციის მიწოდებას.

მყიდველები ინდოეთსა და ევროკავშირში ამ ეტაპზე ფრთხილ პოზიციას იკავებენ და უფრო დაბალ ფასებს ელოდებიან. ინდოეთში, რომელიც მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია, მოთხოვნა ნაწილობრივ სხვა მცენარეულ ზეთებზე გადაერთო. აგვისტოში მზესუმზირას ზეთის იმპორტი დაახლოებით 28%-ით შემცირდა, მაშინ როცა სოიოს ზეთის შესყიდვები გაიზარდა.

სუსტი მოთხოვნა ფიქსირდება თურქეთშიც. გადამამუშავებელი კომპანიების აქტივობა შემცირებულია, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლები მეტ ყურადღებას ნედლი მზესუმზირას შესყიდვასა და გადამუშავებაზე ამახვილებენ. ამავე დროს, რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე მზესუმზირის ზეთს უფრო კონკურენტულ ფასებში სთავაზობს მყიდველებს, რაც დამატებით ზეწოლას ქმნის.

ფასების ცვლილება უკვე აისახება მზესუმზირის თესლის ბაზარზეც. უკრაინაში ფერმერების მხრიდან გაყიდვები გაიზარდა, რის გამოც ზოგიერთმა გადამამუშავებელმა საწარმომ შესყიდვის ფასები შეამცირა. ბაზრის შემდგომი დინამიკა დიდწილად დამოკიდებული იქნება ახალი მოსავლის მიწოდების ტემპსა და იმაზე, რამდენად სწრაფად აღდგება მოთხოვნა ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დიდი მოსავალი ყოველთვის მაღალი შემოსავლის გარანტიას არ ნიშნავს. თუ წარმოების ზრდა მოთხოვნის ზრდას გადააჭარბებს, ბაზარი შესაძლოა უფრო დაბალი ფასების ფაზაში გადავიდეს, რაც განსაკუთრებით იმ ფერმერებს შეეხება, რომლებიც მზესუმზირას მაღალი ფასების მოლოდინით აწარმოებენ.

წყარო: latifundist

თქვენი რეკლამა