ევროპაში ატმისა და ნექტარინის წარმოება 8%-ით გაიზრდება — ყველაზე დიდ ზრდას საბერძნეთი ელოდება

ექსპორტი

2026 წელს ევროპული ბაზარი უფრო დიდი მოსავლითა და გამწვავებული კონკურენციით შეხვდება სეზონს.

ევროპაში ატმისა და ნექტარინის წარმოება 2026 წელს დაახლოებით 8%-ით გაიზრდება და 2.74 მილიონ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ ევროპელი მწარმოებლების ორგანიზაცია Europêch-ის პროგნოზზე დაყრდნობით EastFruit იუწყება.

წარმოების ზრდა ძირითადად რამდენიმე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში მოსავლის აღდგენასა და ხელსაყრელ ამინდს უკავშირდება. ევროპის უდიდესი მწარმოებელი კვლავ ესპანეთი რჩება, სადაც ატმის, ნექტარინისა და ბრტყელი ატმის საერთო მოსავალი დაახლოებით 1.2 მილიონ ტონას მიუახლოვდება, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტია. იტალიაში ზრდა 3%-ს შეადგენს, ხოლო საფრანგეთში მოსავალი დაახლოებით 4%-ით გაიზრდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საბერძნეთში ფიქსირდება. 2025 წელს გაზაფხულის ყინვებმა ქვეყნის ბაღებს სერიოზული ზიანი მიაყენა, თუმცა მიმდინარე სეზონში წარმოების მკვეთრი აღდგენა მიმდინარეობს. პროგნოზის მიხედვით, საბერძნეთში ატმისა და ნექტარინის მოსავალი 455 ათას ტონამდე გაიზრდება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 35%-ით მეტია.

მოსავლის ზრდა ევროპულ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებასაც ნიშნავს. დამატებითი მოცულობები განსაკუთრებით ესპანეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან საცალო ქსელებს უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს, რის გამოც მწარმოებლებს ხარისხის, ზომის, ერთგვაროვნებისა და ლოჯისტიკური სანდოობის მიმართულებით მეტი კონკურენცია უწევთ.

ანალიტიკოსების შეფასებით, მოსავლის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს ფასების შემცირებას ყველა ბაზარზე. სხვადასხვა ქვეყანაში ფასების დინამიკა განსხვავებულია და დიდწილად დამოკიდებულია პროდუქტის ხარისხზე, ზომაზე, მოთხოვნასა და მიწოდების სტრუქტურაზე. პრემიუმ ხარისხის ხილი კვლავ უფრო მაღალ ფასს ინარჩუნებს, მაშინ როდესაც სტანდარტულ სეგმენტში კონკურენცია ძლიერდება.

ევროპული კურკოვანი კულტურების სექტორისთვის 2026 წელი ერთგვარი გამოცდა იქნება. ერთის მხრივ, წარმოების ზრდა ბაზრის მომარაგებას გააუმჯობესებს, თუმცა მეორეს მხრივ, მწარმოებლებს უფრო რთულ კონკურენტულ გარემოში მოუწევთ მუშაობა, სადაც წარმატებას მხოლოდ მაღალი ხარისხის და ეფექტიანად მართული მეურნეობები მიაღწევენ.

წყარო: EastFruit

თქვენი რეკლამა