ევროკავშირში ქვანახშირის ეპოქა დასასრულს უახლოვდება — ელექტროენერგიის წარმოებაში მისი წილი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ქვანახშირი

2025 წელს ევროკავშირში ქვანახშირის წილი ელექტროენერგიის წარმოებაში მხოლოდ 9.2%-მდე შემცირდა, რაც ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს.

სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ქვანახშირი ევროპის ენერგეტიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო, დღეს კი მას განახლებადი ენერგია და ბუნებრივი აირი ანაცვლებს.

2025 წელს ქვანახშირიდან (მათ შორის ქვანახშირი და ლიგნიტი) წარმოებული ელექტროენერგიის წილმა ევროკავშირის მთლიანი გამომუშავების მხოლოდ 9.2% შეადგინა. აქედან 3.7% მოდიოდა ქვანახშირზე, ხოლო 5.5% — ლიგნიტზე (მურა ნახშირი).

Eurostat-ის მონაცემებით, 2024 წელი პირველი იყო, როდესაც ევროკავშირში ქვანახშირის წილი ელექტროენერგიის წარმოებაში 10%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, ხოლო 2025 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა.

სურათი განსაკუთრებით საინტერესოა ისტორიულ ჭრილში. 1990 წელს ქვანახშირი ევროკავშირში წარმოებული ელექტროენერგიის მესამედზე მეტს უზრუნველყოფდა. იმ პერიოდში ქვანახშირი და ლიგნიტი ენერგიის მეორე და მესამე უმსხვილესი წყაროები იყო. დღეს კი ისინი მეექვსე და მეშვიდე პოზიციებზე გადავიდნენ.

ბოლო ათწლეულებში ქვანახშირი ეტაპობრივად ჩამოანაცვლა ბირთვულმა ენერგიამ, ბუნებრივმა აირმა და განახლებადმა ენერგიის წყაროებმა. 2023 წელს ქარისა და ჰიდროენერგეტიკამ ქვანახშირს გადაასწრო, ხოლო 2024 წელს — მზის ენერგიამაც.

ქვანახშირის მოხმარებაც ისტორიულ მინიმუმზეა. წინასწარი შეფასებით, 2025 წელს ევროკავშირში ქვანახშირის მოხმარება 107 მილიონ ტონამდე შემცირდა, ხოლო ლიგნიტის — 184 მილიონ ტონამდე.

ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებში გრძელდება ქვანახშირის ეტაპობრივი გამოდევნის პოლიტიკა. პორტუგალიამ ელექტროენერგიის წარმოებაში ქვანახშირის გამოყენება ჯერ კიდევ 2021 წელს შეწყვიტა, ხოლო 2024 წელს სლოვაკეთმა ლიგნიტის მოპოვებაც დაასრულა. შედეგად, ევროკავშირში ლიგნიტის მწარმოებელი ქვეყნების რაოდენობა რვამდე შემცირდა.

ექსპერტების შეფასებით, ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება, რადგან ევროკავშირი ენერგეტიკული ტრანზიციისა და კლიმატური მიზნების მიღწევის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

წყარო: Eurostat

თქვენი რეკლამა