წაბლი – ძველი კულტურა ახალი შესაძლებლობებით

წაბლი

როდესაც მაღალი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე საუბრობენ, ხშირად მოცვი, ნუში, ფისტა ან ზაფრანა გვახსენდება. ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება წაბლი – კულტურა, რომელსაც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, თუმცა ბოლო ათწლეულებში მისი რესურსი მნიშვნელოვნად შემცირდა.

მსოფლიოში კი სრულიად განსხვავებული სურათია. წაბლი დღეს არა მხოლოდ ტრადიციული საკვები პროდუქტია, არამედ მზარდი ბაზრის მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურაც. მისი გამოყენება გაცილებით ფართოა, ვიდრე ბევრს ჰგონია – ნაყოფისგან ამზადებენ ფქვილს, პიურეს, საკონდიტრო ნაწარმს, დესერტებს, ნახევარფაბრიკატებსა და სხვადასხვა გადამუშავებულ პროდუქტს. ევროპისა და აზიის ქვეყნებში წაბლი პრემიუმ კლასის სეზონურ პროდუქტადაც მიიჩნევა.

წაბლის მიმართ ინტერესის ზრდას კიდევ ერთი ფაქტორი განაპირობებს – მრავალწლიანი ეკონომიკური პოტენციალი. სწორად გაშენებული ბაღი ათწლეულების განმავლობაში იძლევა მოსავალს, ხოლო ხეების პროდუქტიულობა წლების მატებასთან ერთად იზრდება. სწორედ ამიტომ ბევრ ქვეყანაში წაბლის ბაღს გრძელვადიან საინვესტიციო პროექტად განიხილავენ.

ევროპაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ნაყოფის წარმოებას, არამედ მის გადამუშავებასაც. იტალია დღემდე ერთ-ერთ ლიდერად რჩება როგორც წაბლის წარმოებაში, ასევე გადამუშავებული პროდუქციის ბაზარზე. საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში წაბლის ინდუსტრია ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო აზიაში ბაზრის მთავარი მოთამაშე ჩინეთია.

თუმცა წაბლის ბაღის გაშენება მხოლოდ ნაყოფის მოყვანას არ ნიშნავს. წარმატებული მეურნეობები ხშირად დამატებით შემოსავალსაც ქმნიან. ზოგიერთ ქვეყანაში წაბლის ბაღებში თაფლის წარმოება, აგროტურიზმი და სოკოს მოყვანაც კი გავრცელებული პრაქტიკაა, რაც მეურნეობის ეკონომიკურ ეფექტიანობას ზრდის.

საქართველოსთვის წაბლი უცხო კულტურა ნამდვილად არ არის. დასავლეთ საქართველოს ტყეები და მთიანი რეგიონები ისტორიულად მდიდარი იყო წაბლის კორომებით. თუმცა სხვადასხვა დაავადების, განსაკუთრებით წაბლის ქერქის კიბოს გავრცელების, ასევე ტყეების დაზიანებისა და სხვა პრობლემების გამო, წაბლის რესურსი შემცირდა. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ჯიშებისა და ბაღის ინტენსიური მართვის პირობებში, წაბლის კომერციული წარმოება კვლავ საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად განიხილება.

მსოფლიო წარმოება და ბაზრის ტენდენციები

წაბლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ წარმოებული კაკლოვანი კულტურაა. FAO-ს მონაცემების მიხედვით, 2024 წელს მსოფლიო წარმოებამ დაახლოებით 2.1 მილიონ ტონას მიაღწია, ხოლო პლანტაციების საერთო ფართობმა 548 ათას ჰექტარს გადააჭარბა.

მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი ჩინეთია, რომელიც გლობალური წარმოების დაახლოებით 75%-ს უზრუნველყოფს. მას მოსდევს ესპანეთი, ბოლივია, თურქეთი, იტალია და სამხრეთ კორეა.

2024 წლის მონაცემებით:

  • ჩინეთი – დაახლოებით 1.5 მილიონი ტონა;
  • ესპანეთი – 170 ათას ტონაზე მეტი;
  • ბოლივია – 80 ათას ტონაზე მეტი;
  • თურქეთი – დაახლოებით 80 ათასი ტონა;
  • იტალია – 57 ათას ტონაზე მეტი.

საერთაშორისო ვაჭრობაშიც წაბლი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 2024 წელს უმსხვილესი ექსპორტიორები იყვნენ იტალია, ჩინეთი, ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი.

მიუხედავად იმისა, რომ წაბლი ხშირად ტრადიციულ კულტურად მიიჩნევა, მსოფლიო ბაზარი მის მიმართ სტაბილურ ინტერესს ინარჩუნებს. განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა გადამუშავებულ პროდუქტებზე, რაც დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობას აჩენს. სწორედ ამიტომ, ბევრ ქვეყანაში წაბლის ბაღები კვლავ განიხილება როგორც გრძელვადიანი და შედარებით სტაბილური აგრობიზნესი.

ავტორი: მალხაზ ხაზარბეგიშვილი
გამოყენებული რესურსები: FAO, FAOSTAT, World Bank WITS

თქვენი რეკლამა