FAO საქართველოში ახალ ციფრულ ინსტრუმენტს ავითარებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ადგილობრივი პირუტყვის ჯიშების ამოცნობასა და მათი გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვას შეუწყობს ხელს.
გასულ კვირას თბილისში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით ცხოველთა გენეტიკური რესურსების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო წრეებისა და დარგის სპეციალისტების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის შემდეგ FAO-ის ექსპერტებმა საქართველოს მთიან რეგიონებში საველე სამუშაოებიც ჩაატარეს, სადაც ადგილობრივი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების შესახებ მონაცემები და ფოტომასალა შეაგროვეს.
პროექტის მთავარი სიახლე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მობილური აპლიკაციის შექმნაა. აპლიკაცია საველე პირობებში იმუშავებს: სპეციალისტს ცხოველის ფოტოს გადაღება შეეძლება, რის შემდეგაც სისტემა სავარაუდო ჯიშს ავტომატურად განსაზღვრავს. FAO-ის ინფორმაციით, მსგავსი ტექნოლოგიის საწყისმა ტესტებმა სხვა ქვეყნებში მაღალი სიზუსტე აჩვენა, ხოლო საქართველოსთვის მისი ადაპტირება ადგილობრივი ჯიშების ფართო ფოტობაზის შექმნას მოითხოვს.
ინიციატივა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან (SRCA) თანამშრომლობით. შეგროვებული ინფორმაცია შევა FAO-ის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში DAD-IS (Domestic Animal Diversity Information System), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 9 000 პირუტყვის ჯიშის მონაცემებს აერთიანებს.
ამჟამად საქართველოში DAD-IS-ში 48 ჯიშია რეგისტრირებული, მათ შორის 40 ადგილობრივი და 8 რეგიონული (ტრანსსასაზღვრო). თუმცა მრავალი ჯიშისთვის ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი ინფორმაცია პოპულაციის რაოდენობისა და მათი კონსერვაციის მდგომარეობის შესახებ, რაც გადაშენების რისკის შეფასებას ართულებს. სწორედ ამ მონაცემების შევსებას ემსახურება მიმდინარე სამუშაოები.
FAO-ის მეცხოველეობის სპეციალისტის, ტიბორ სუჩის განცხადებით, საქართველოს მდიდარი მეცხოველეობის მემკვიდრეობა აქვს და მისი დაცვა მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. ადგილობრივი ჯიშები გამოირჩევიან გარემოსთან ადაპტაციის უნარით, დაავადებების მიმართ გამძლეობითა და გენეტიკური მრავალფეროვნებით, რაც კლიმატის ცვლილების პირობებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ხარისხიანი მონაცემების გაერთიანება საქართველოს საშუალებას მისცემს უკეთ დააკვირდეს ადგილობრივი ჯიშების მდგომარეობას, დროულად შეაფასოს მათი გადაშენების რისკები და ეფექტიანად დაგეგმოს კონსერვაციის ღონისძიებები. ამავე დროს, პროექტი ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის (SDG 2.5.2) შესრულებას, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებას ითვალისწინებს.
ფოტო: აგროკავკასია / AI
წყარო: FAO – FAO helps Georgia protect native livestock breeds via AI

