FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – მაისში, გაიზარდა და 127.1 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 4.8%-ით, ხოლო 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს – 39.7%-ით აღემატება.
აპრილის თვესთან შედარებით 6.0%-ით გაიზარდა მარცვლეულის ფასების ინდექსი. ზრდის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო სიმინდზე, რომლის ფასი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 89.9%-ითაა გაზრდილი. პროდუქტზე ფასის დასტაბილურება მაისის ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული უხვი მოსავლის ხარჯზე დაიწყო. მაისის ბოლოსვე, კლების ტენდენცია აჩვენა ხორბლის ფასმაც, რომელიც 6.8%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბრინჯს, პროდუქტზე ფასები უცვლელია.
წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 7.8%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა თითქმის ყველა სახის მცენარეულ ზეთს შეეხო, მათ შრის – სოიოს, მზესუმზირას და პალმის ზეთს. ზრდის მთავარ მიზეზად, ბიოდიზელის ინდუსტრიაში პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა და მწარმოებელ, აზიურ, ქვეყნებში წარმოების შენელება განიხილება.
6.8%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. მატების ძირითად მიზეზს, ბრაზილიაში, შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, მოსავლის აღების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები წარმოადგენდა. შაქრის ფასმა დარეგულირება, მაისის ბოლოს, ინდოეთიდან ექსპორტირებული პროდუქტის ხარჯზე დაიწყო.
გაზრდილია ხორცის ფასების ინდექსიც. ზრდამ 2.2% შეადგინა და იგი მეტწილად ჩინეთის მიერ პროდუქტის დიდი და სწრაფი ოდენობით შესყიდვამ განაპირობა. წინა თვესთან შედარებით, მაისში ფრინველისა და ღორის ხორცზე მოთხოვნამ მოიმატა.
ფასები გაიზარდა რძესა და რძის პროდუქტებზე. აპრილის თვესთან შედარებით, სხვაობამ 1.8% შეადგინა, რაც, წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 28%-ით აღემატება. ზრდის მთავარი კატალიზატორი, რძის ფხვნილზე (ცხიმ მოხდილი და ცხიმიანი) გაზრდილი მოთხოვნა იყო. თუმცა, აღნიშნულის საპირწონედ ამ წლის მანძილზე პირველად დაიკლო კარაქის ფასების ინდექსმა. შემცირება ახალი ზელანდიიდან გახორციელებული უხვი ექსპორტის ფონზე მოხდა.