ტკბილი კარტოფილი (ბატატი) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსექტიულ სასურსათო კულტურად მიიჩნევა, თუმცა ტროპიკულ რეგიონებში მისი წარმოება ხშირად კლიმატური სტრესის, დაავადებებისა და დაბალი მოსავლიანობის გამო იზღუდება.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ კუბელმა მეცნიერებმა ახალი სელექციური პროგრამა შეიმუშავეს, რომლის შედეგად მიღებულია მაღალმოსავლიანი და გარემო პირობებთან უკეთ შეგუებული ბატატის ახალი ხაზები.
კვლევები კუბის სოფლის მეურნეობის მეცნიერების ინსტიტუტებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობდა. სელექციონერების მთავარი მიზანი ისეთი ჯიშების შექმნა იყო, რომლებიც ერთდროულად გამოირჩევიან მაღალი მოსავლიანობით, კარგი გემური თვისებებით, დაავადებებისადმი გამძლეობითა და ტროპიკული კლიმატისადმი ადაპტაციის უნარით.
მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფორთოხლისფერრბილობიან (Orange-fleshed) ბატატზე, რომელიც დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს – A ვიტამინის წინამორბედს – შეიცავს. ასეთი ჯიშები არა მხოლოდ მაღალ მოსავალს იძლევა, არამედ მოსახლეობის კვებითი უსაფრთხოების გაუმჯობესებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც A ვიტამინის დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება.
ახალი სელექციური ხაზები ასევე უკეთ იტანენ მაღალ ტემპერატურასა და არასტაბილურ ნალექებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარიბის რეგიონში, სადაც კლიმატის ცვლილება გვალვებსა და ექსტრემალურ ამინდს სულ უფრო ხშირ მოვლენად აქცევს. მკვლევართა შეფასებით, ახალი ჯიშები ფერმერებს უფრო სტაბილური მოსავლის მიღებაში დაეხმარება.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბატატი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საკვები კულტურაა. ის შედარებით ნაკლებ რესურსს მოითხოვს, კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე და ენერგიითა და ვიტამინებით მდიდარ პროდუქტს იძლევა. სწორედ ამიტომ FAO და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ბატატს მომავლის სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურად განიხილავენ.
კუბელი მეცნიერების პროგრამა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს არ ემსახურება. ახალი გენეტიკური მასალა მომავალში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებშიც, სადაც კლიმატის ცვლილების ფონზე უფრო გამძლე და პროდუქტიული ჯიშების საჭიროება იზრდება.
საქართველოსთვის ბატატი ჯერ კიდევ შედარებით ახალი კულტურაა, თუმცა ბოლო წლებში მის მიმართ ინტერესი იზრდება. საერთაშორისო სელექციის განვითარება და კლიმატთან უკეთ შეგუებული ჯიშების შექმნა მომავალში ქართველი მწარმოებლებისთვისაც ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.
მსოფლიოში ბატატი უკვე აღარ განიხილება მხოლოდ ალტერნატიულ ბოსტნეულად. მაღალი კვებითი ღირებულების, კარგი ადაპტაციისა და მზარდი მოთხოვნის გამო იგი თანდათან ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კულტურად ყალიბდება, ხოლო კუბელი მეცნიერების ახალი მიღწევა ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.
წყარო: MDPI
ბატატის ბიოწარმოება – მზარდი მოთხოვნა და ნიშური, მაგრამ მომგებიანი კულტურა

