აყირო, რომელიც ასევე ცნობილია ყელიანი გოგრის სახელით, ხოლო მსოფლიოში უფრო ხშირად ბოთლის გოგრად (Lagenaria siceraria) მოიხსენიება, გოგრისებრთა (Cucurbitaceae) ოჯახის ერთწლოვანი მცოცავი კულტურაა.
აყირო ერთ-ერთი უძველესი კულტივირებული მცენარეა, რომელსაც ადამიანი ათასობით წლის განმავლობაში იყენებდა როგორც საკვებად, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად. დღეს ბოთლის გოგრა კვლავ პოპულარულია აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ხოლო მისი მიმართ ინტერესი ევროპის ქვეყნებშიც იზრდება.
ბოთლის გოგრის წარმოშობა აფრიკას უკავშირდება, თუმცა არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ იგი უძველესი დროიდან მოჰყავდათ აზიასა და ამერიკაშიც. მეცნიერები მას მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ კულტურულ მცენარედ მიიჩნევენ, რადგან მისი ნაყოფი არა მხოლოდ საკვებად, არამედ წყლის, მარცვლეულის და სხვა პროდუქტების შესანახ ჭურჭლად გამოიყენებოდა. სწორედ ამიტომ ინგლისურ ენაში მას Bottle Gourd – „ბოთლის გოგრა“ ეწოდა.
მცენარეს ახასიათებს ძლიერი, სწრაფად მზარდი მხვიარა ღეროები, რომლებიც ხელსაყრელ პირობებში 10 მეტრამდეც იზრდება. ფოთლები მსხვილი და რბილია, ყვავილები – თეთრი, დიდი და სურნელოვანი, რომლებიც ძირითადად საღამოს საათებში იშლება. ნაყოფის ფორმა მეტად მრავალფეროვანია – შეიძლება იყოს ბოთლის, გრძელი ცილინდრის, მსხლის, ყელიანი ან მრგვალი ფორმის. სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო საქართველოში დამკვიდრდა სახელწოდება ყელიანი გოგრა.
ახალგაზრდა ნაყოფი ნაზი, წვნიანი და დაბალკალორიული ბოსტნეულია. იგი მდიდარია C ვიტამინით, B ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმითა და საკვები ბოჭკოებით. აზიის მრავალ ქვეყანაში ბოთლის გოგრას ამზადებენ მოხარშულ, ჩაშუშულ, შემწვარ და გამომცხვარ სახით, იყენებენ სუპებში, გარნირებში, კონსერვებსა და ტრადიციულ კერძებში. ახალგაზრდა ყლორტები და ფოთლებიც საკვებად ვარგისია.
სრულად მომწიფებული და გამომშრალი ნაყოფი განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩევა. საუკუნეების განმავლობაში მისგან ამზადებდნენ დოქებს, ჭურჭელს, კოვზებს, სასმისებს, დეკორატიულ ნივთებსა და მუსიკალური ინსტრუმენტების კორპუსებს. დღესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბოთლის გოგრა ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულად გამოიყენება ხელნაკეთობებისა და სუვენირების წარმოებაში.
აყირო სითბოსა და მზის მოყვარული კულტურაა. იგი საუკეთესოდ ვითარდება ნაყოფიერ, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ და კარგად დრენირებულ ნიადაგებზე. მცენარეს სჭირდება მყარი საყრდენი, რადგან სწრაფად იზრდება და უხვად ისხამს ნაყოფს. რეგულარული მორწყვა, ნიადაგის გაფხვიერება და დაბალანსებული კვება მაღალი მოსავლიანობის მიღების აუცილებელი პირობაა.
საქართველოში აყირო ძველი დროიდან იყო ცნობილი და სოფლის მეურნეობაში გარკვეული მნიშვნელობაც ჰქონდა. მისგან მზადდებოდა ორშიმო – ქვევრიდან ღვინის ამოსაღები ტარიანი ჭურჭელი. დღეს მისი წარმოება მცირე მასშტაბით მიმდინარეობს, თუმცა კულტურა საინტერესოა როგორც ბოსტნეულის, ისე დეკორატიული და ხელნაკეთი ნაწარმის წარმოებისთვის. აგროტურიზმის, ეკოლოგიური პროდუქციისა და ეთნოკულტურული მემკვიდრეობის მიმართ მზარდი ინტერესი აყიროს კომერციულ პერსპექტივას მნიშვნელოვნად ზრდის.
საინტერესო ფაქტი: არქეოლოგიური აღმოჩენები აჩვენებს, რომ ბოთლის გოგრის გამომშრალ ნაყოფს ადამიანები დაახლოებით 10 000 წლის წინაც იყენებდნენ წყლისა და საკვები პროდუქტების ჭურჭლად. იგი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ პირველ ბუნებრივ „კონტეინერად“ მიიჩნევა.
ავტორი: მალხაზ ხაზარბეგიშვილი
გოგრა – კულტურა, მოვლა-მოყვანა და ჯიშები

