რამდენიმე წლის წინ ვერტიკალური ფერმები სოფლის მეურნეობის მომავალად მიიჩნეოდა. დახურულ სივრცეში, მრავალსართულიან თაროებზე, LED განათებისა და სრულად კონტროლირებადი მიკროკლიმატის პირობებში მცენარეების მოყვანა რევოლუციურ ტექნოლოგიად აღიქმებოდა. თუმცა მაღალი ენერგომოხმარებისა და დიდი ინვესტიციების გამო ბევრი პროექტი ეკონომიკურად არამდგრადი აღმოჩნდა.
დარგის სპეციალისტების შეფასებით, მთავარი აქცენტი არ კეთდება იმაზე, რომ ვერტიკალურმა ფერმებმა ტრადიციული სოფლის მეურნეობა მთლიანად ჩაანაცვლოს. პირიქით, ისინი სულ უფრო ხშირად განიხილება როგორც სათბურებისა და ღია გრუნტის მეურნეობების დამატებითი, სპეციალიზებული მიმართულება.
ნიდერლანდებში მოქმედი Fieldlab Vertical Farming-ის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში სექტორმა მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. მათი თქმით, ახლა მთავარი მიზანი ტექნოლოგიის დემონსტრირება აღარ არის — ყურადღება გადატანილია ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, ენერგიის მოხმარების შემცირებასა და ისეთი ბიზნესმოდელების შექმნაზე, რომლებიც პრაქტიკაში ნამდვილად მუშაობს.
ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ჰიბრიდული მოდელი მიიჩნევა. ამ შემთხვევაში ვერტიკალური ფერმები სათბურებთან ერთად მუშაობს: ნერგების წარმოება, ფოთლოვანი ბოსტნეული, არომატული მწვანილები და სხვა მაღალი ღირებულების კულტურები დახურულ სისტემებში იზრდება, ხოლო სხვა კულტურების წარმოება ტრადიციულ მეურნეობებში გრძელდება. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ასეთი კომბინაცია შეიძლება გახდეს ინდუსტრიის მასშტაბური განვითარების საფუძველი.
თანამედროვე ვერტიკალური ფერმები აქტიურად იყენებს ავტომატიზაციას, სენსორებსა და ხელოვნურ ინტელექტს. სისტემები აკონტროლებს განათებას, ტემპერატურას, ტენიანობას, საკვები ხსნარის შემადგენლობასა და მცენარის ზრდას. შედეგად, მცირდება წყლის დანახარჯი, იზრდება მოსავლის სტაბილურობა და პროდუქციის ხარისხი თითქმის მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი რჩება.
მიუხედავად ამისა, ვერტიკალურ ფერმებს კვლავ აქვს გამოწვევები. ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგიის მაღალი მოხმარებაა, რის გამოც ყველა კულტურის წარმოება ეკონომიკურად გამართლებული არ არის. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მიდგომა ორიენტირებულია იმ კულტურებზე, რომლებიც მცირე ფართობზე მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას იძლევა, მაგალითად, სალათები, მიკრომწვანილები, სანელებლები და სანერგე მასალა.
დღეს უკვე ნათელია, რომ ვერტიკალური ფერმები ტრადიციულ სოფლის მეურნეობას ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა ქალაქებთან ახლოს მდებარე მცირე ზომის თანამედროვე მეურნეობებისთვის გარკვეული პერსპექტივა არსებობს. განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს პრემიუმ სეგმენტის სალათების, მწვანილების, მიკრომწვანილებისა და რესტორნებისთვის განკუთვნილი ახალი პროდუქციის წარმოება, სადაც ხარისხის სტაბილურობა და მთელი წლის განმავლობაში მიწოდება კონკურენტული უპირატესობაა.
წყარო: VerticalFarmDaily
ვერტიკალური ფერმების მეურნეობა 2030 წლისთვის 7-ჯერ გაიზრდება

