თურქეთი ალუბლის რეკორდულ მოსავალსა და ექსპორტის ზრდას ელოდება

ალუბალი, უზბეკეთი, ფასი

თურქეთი მიმდინარე სეზონში ალუბლის უხვ მოსავალსა და ექსპორტის ზრდას ელოდება. ქვეყანა მსოფლიოში ალუბლის უმსხვილესი მწარმოებელია და ყოველწლიურად საშუალოდ 700 ათას ტონა ალუბალს აწარმოებს.

თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეისა (TİM) და სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ალუბლის წარმოებისა და ექსპორტის მთავარ ცენტრად კვლავ დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონი რჩება.

დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის (BAİB) თავმჯდომარის, მეჰმეთ ალი ჯანის განცხადებით, მოსავლის აღების სეზონი, რომელიც ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე გრძელდება, წელს კლიმატური პირობების გამო დაგვიანებით დაიწყო. მისი თქმით, მოსავლის აღება აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

ჯანის შეფასებით, თურქეთი ყოველწლიურად დაახლოებით 700 ათას ტონა ალუბალს აწარმოებს, ხოლო ექსპორტზე 60-70 ათასი ტონა გადის. მისი თქმით, მიმდინარე სეზონში მოსავალი განსაკუთრებით უხვია, რაც ექსპორტის ზრდის მოლოდინს აჩენს.

გასულ წელს ძლიერი საგაზაფხულო ყინვების გამო ალუბლის წარმოებამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ჯანის თქმით, წლევანდელი უხვი მოსავალი კარგი სიახლეა როგორც მწარმოებლებისთვის, ისე ექსპორტიორებისთვის და არსებობს მოლოდინი, რომ ალუბლის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.

მისი ინფორმაციით, 2024 წელს თურქეთმა ექსპორტზე 210 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ალუბალი გაიტანა, საიდანაც 91 მილიონი დოლარი დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე მოდიოდა.

თურქული ალუბლის ძირითადი საექსპორტო ბაზრები კვლავ ევროპის ქვეყნები და რუსეთი არიან. გარდა ამისა, თურქეთი ალუბალს ექსპორტზე აგზავნის სინგაპურში, მალაიზიაში, დუბაისა და ახლო და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. პარალელურად, დაიწყო მუშაობა ჩინეთის ბაზარზე თურქული ალუბლის ექსპორტის გაფართოების მიმართულებით.

წყარო: mk-turkey

ალუბლის წარმოების აგროტექნოლოგია

თქვენი რეკლამა