ევროკავშირი აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების განხორციელების ახალ გეგმას ამზადებს

ევროკავშირი, აშშ, ალუმინი, ფოლადი

ევროკავშირი აშშ-სთან, ფოლადისა და ალუმინის სექტორებში თანამშრომლობას ცდილობს, რადგან მათ ექსპორტზე 50%-იანი ტარიფი ემუქრება.

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროკავშირი აპირებს შეერთებულ შტატებს შესთავაზოს გეგმა, ორ მხარეს შორის ამ ზაფხულს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების, შემდეგი ფაზის განხორციელების შესახებ.

ეს ნაბიჯი არის პასუხი ვაშინგტონის მიერ ბრიუსელში წარდგენილ წინადადებებზე, რომლებიც მოითხოვდნენ იურიდიულად სავალდებულო გეგმას ევროკავშირის რეგულაციების გადახედვის შესახებ, რომლებიც, ინსაიდერული წყაროების ცნობით, შეერთებული შტატების აზრით, საზიანოა ამერიკული ბიზნესისთვის.

წელს ივლისში ორ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს 15%-იან ტარიფს შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ევროკავშირის საქონლის უმეტესობაზე და ასევე მოიცავს ვალდებულებას, გააგრძელონ მუშაობა სხვა საკითხებზე, როგორიცაა ფოლადის ექსპორტი და არასატარიფო ბარიერებთან ბრძოლა.

ე.წ. განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც აშშ-ს ჯერ არ წარუდგენია, ხუთ სფეროზე იქნება ფოკუსირებული. მაგალითად ტარიფები და ბაზარზე წვდომა, სადაც ევროკავშირი რამდენიმე პროდუქტზე ტარიფების შემცირებას ცდილობს. გეგმა ასევე ითვალისწინებს დიალოგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტანდარტები, ციფრული ვაჭრობა, ტექნიკური ბარიერები და სხვა სავაჭრო დავები.

გარდა ამისა, გეგმა შეისწავლის თანამშრომლობას ფოლადისა და ალუმინის სექტორებში – ბლოკი ცდილობს შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლოს გლობალური ჭარბი სიმძლავრის პრობლემის მოსაგვარებლად.

ევროკავშირს კვლავ 50%-იანი ტარიფი ემუქრება ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე, ასევე ამ ლითონებით წარმოებულ პროდუქციაზე. ევროკომისია ცდილობს შეთანხმებას მიაღწიოს ლითონების კვოტების სისტემაზე.

წყაროების ცნობით, ასევე გათვალისწინებულია ეკონომიკური უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინვესტიციების სკრინინგიზე, ექსპორტის კონტროლზე, ასევე კრიტიკული ნედლეულის შესყიდვასა და მიწოდებაზე. გეგმა ასევე მოიცავს სტრატეგიულ შესყიდვებსა და ინვესტიციებს, რომელთა ვალდებულებაც ევროკავშირმა აიღო დონალდ ტრამპთან დადებული შეთანხმების ფარგლებში.

ევროკომისიის წარმომადგენელმა უარი თქვა სააგენტოსთვის გეგმის კომენტირებაზე, თუმცა დაადასტურა, რომ ევროკავშირი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ დონეზე.

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩი, ნოემბერში თავის ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია ზეწოლას ახდენს აშშ-ზე, რათა მან გააუქმოს ტარიფები ფოლადით და ალუმინით წარმოებულ პროდუქციაზე. ბრიუსელი ცდილობს წინ წაწიოს შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც ჯერ არ შესულა ძალაში. შეფჩოვიჩმა ამის შესახებ ოქტომბერში განაცხადა.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ მან შეასრულა შეთანხმების თავისი ნაწილი, როდესაც შესთავაზა ევროპული ფოლადის გადასახადების 50%-მდე გაზრდა, კვოტების თითქმის განახევრება და იმპორტირებული ლითონის პროდუქტების წარმოშობის უფრო მკაცრი მეთვალყურეობა.

წყარო: gmk.center

თქვენი რეკლამა