„აგროსფერო“ AgriHack 2025-ის მონაწილე სტარტაპ ARE-ს პროექტის განვითარებაში დაეხმარება

აგროსფერო

ზუგდიდის ტექნოპარკმა სტარტაპ პროექტების მხარდამჭერ ღონისძიებას AgriHack 2025 უმასპინძლა. მისი მიზანი სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებული ინოვაციური იდეების აღმოჩენა და სტარტაპების მხარდაჭერაა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორმა კომპანია „აგროსფერომ“, როგორც მსგავსი ღონისძიებების აქტიურმა მხარდამჭერმა, AgriHack 2025-თანაც ითანამშრომლა. მან 17 მონაწილე სტარტაპიდან თავისი რჩეული გუნდი გამოავლინა, რომელსაც იდეის დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარება.

„კერძო სექტორის ჩართულობა ამ ტიპის ჰაკათონებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დარგობრივად მოქმედი კომპანიები არა მხოლოდ წამახალისებელ როლს ასრულებენ სტარტაპებისთვის, არამედ მონაწილეებს საშუალებას აძლევენ მიიღონ პრაქტიკული რჩევები და ეზიარონ ბაზარზე არსებულ გამოცდილებას. ასეთი თანამშრომლობა აძლიერებს ინოვაციურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნას“, – ამბობს AgriHack-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პროექტების ინოვაციური მეწარმეობის მენტორი, სანდრო კანდელაკი.

ამ ტიპის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს „აგროსფეროს“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძეც.

„AgriHack ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა როგორც სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებული სტარტაპებისთვის, ისე ბიზნესისთვის. ის, ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს მონაწილეებს თავიანთი იდეები ფართო საზოგადოებას გააცნონ და, მეორე მხრივ, ამ სფეროში მოქმედ კომპანიებს უქმნის წარმოდგენას სიახლეების შესახებ.

ჩვენ, როგორც ინოვაციური იდეების გულმხურვალე მხარდამჭერები, ვერც AgriHack-ს ავუვლიდით გვერდს. ამიტომ გადავწყვიტეთ წვლილი შეგვეტანა ერთ-ერთი პროექტის განვითარებაში. „აგროსფეროს“ რჩეული სტარტაპი ARE გახდა, რადგან ის ცდილობს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის – წყლის რესურსების მართვის პრობლემის – გადაჭრას“, – აღნიშნავს აკაკი ტოროტაძე.

აგროსფერო

ARE არადესტრუქციული ბიოსენსორის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც მცენარის მიერ დეჰიდრატაციის დროს გამომუშავებული პროლინის რაოდენობას ზომავს. პროლინი მცენარის სტრესის ბიომარკერია. მისი მონაცემები ფერმერს მცენარის მდგომარეობის რეალურ დროში შეფასებასა და მისთვის საჭირო წყლის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრაში ეხმარება. ამ გზით მცირდება როგორც წყლის ზედმეტი მოხმარება, ისე მოსავლის დაკარგვის რისკი.

„ხშირად ფერმერები პრობლემის სიმწვავეს მხოლოდ მაშინ აფასებენ, როცა ეს ხილული ხდება. ასეთ დროს მისი გამოსწორება გაცილებით რთულია, გარდა ამისა, მას მეტი რესურსი სჭირდება. ჩვენ გვინდოდა მიგვეგნო ისეთი გადაწყვეტისთვის, რომელიც ზედაპირულად კი არა, სიღრმისეულად მოაგვარებდა ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას. ჩვენი მთავარი კრიტერიუმი იყო, რომ ის ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიურად მომგებიანი, პროდუქტიული, არადესტრუქციული და გარემოს პირობებთან მდგრადი“, – ამბობს ARE-ს წარმომადგენელი, ლუკა კუკავა.

ARE-ს გუნდს, რომლის პროექტიც ახლა ექსპერიმენტულ ფაზაშია, „აგროსფერო“ ორი მიმართულებით დაეხმარება – ერთ მხრივ, გაუწევს მენტორობასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი, მისცემს საშუალებას გამოიყენოს კომპანიის საწარმოო ინფრასტრუქტურა და ბაზები თავიანთი პროგრამების ტესტირებისთვის.

„აგროსფეროსთან“ თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს ექსპერიმენტული ფაზიდან პროტოტიპირების ეტაპზე გადავინაცვლოთ. კომპანიის გამოცდილება და რესურსები უდიდეს შესაძლებლობებს გვიხსნის როგორც პროდუქტის დახვეწის მხრივ, ისე მისი მეურნეობებში დანერგვის მიმართულებით“, – აღნიშნავს ლუკა კუკავა.

თქვენი რეკლამა