ბამბუკის მტკიცე ბიოპლასტიკი რომელიც ნიადაგში 50 დღეში იშლება

ბამბუკის, ბიოდეგრადირებადი, პლასტიკი

ჩინეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთის სატყეო უნივერსიტეტის მკვლევარებმა ბამბუკის ბიოდეგრადირებადი პლასტიკი (პლასტმასი) შეიმუშავეს, რომელიც სითბოსადმი გაზრდილი მდგრადობითა და სიმტკიცით გამოირჩევა და ამასთან ნიადაგში 50 დღის განმავლობაში იშლება.

ამის შესახებ ინფორმაციას Interesting Engineering ავრცელებს.

მეცნიერების თქმით, მათ შეიმუშავეს არატოქსიკური მეთოდი, სპირტის გამხსნელის გამოყენებით, რომელიც ბამბუკის ცელულოზას მოლეკულურ დონეზე ხსნის და შემდეგ ცელულოზის მოლეკულებს ხელახლა აწყობისა და გამძლე პლასტიკის წარმოქმნისკენ მიმართავს. გახსნის პროცესის დროს ცელულოზა ქიმიურად მოდიფიცირდება, რაც ხელს უწყობს ძლიერი მოლეკულური ქსელის ფორმირებას რეგენერაციის დროს.

ბამბუკის პლასტიკი გამოსცადეს და შეადარეს ფართოდ გამოყენებულ კომერციულ პლასტმასებს, კერძოდ, პოლირძემჟავაზე დაფუძნებულ პლასტმასს და მაღალი დარტყმითი მოქმედების პოლისტიროლს. ბიოპლასტიკი განსაკუთრებულ მექანიკურ სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

„ეს პლასტიკი მექანიკური და თერმომექანიკური თვისებებით აღემატება სამრეწველო პლასტიკების უმეტესობას, ამავდროულად, 50 დღის განმავლობაში ნიადაგში სრულად ბიოდეგრადირებადია და შესაფერისია *დახურული ციკლის გადამუშავებისთვის 90%-იანი სიმტკიცის შენარჩუნებით“, – ხაზგასმით აღნიშნეს მკვლევარებმა.

ამავდროულად, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ორგანული ბიომასისგან დამზადებული პლასტმასი (მაგალითად, ბამბუკის კომპოზიტური პლასტმასი) კვლავ იმედისმომცემია, როგორც ტრადიციულად დამზადებული პლასტმასის შემცვლელი.

ექსპერტები თვლიან, რომ ბამბუკი ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც სამრეწველო მასშტაბირების პოტენციალს გვთავაზობს. კერძოდ, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის წარმოების მეთოდს, შეუძლია ხელი შეუწყოს ბამბუკის ცელულოზის მაღალეფექტურ ეკომასალებად გადაქცევას.

* დახურული ციკლის გადამუშავება გულისხმობს პლასტმასის მეორად გადამუშავებას და შედეგად მიღებული მასალის გამოყენებას სხვა პროდუქტის წარმოებისთვის.

თქვენი რეკლამა