მზესუმზირა, რომელმაც ათწლიანი რეკორდი მოხსნა

ყბელაზე, მაღალი, მზესუმზირა

მზესუმზირა სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მცენარეა. ჩვეულებრივ მისი სიმაღლე 1,5-3 მეტრის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ზოგჯერ ბუნება, გენეტიკა და მებაღის მრავალწლიანი შრომა საოცარ შედეგს იძლევა. სწორედ ასე მოხდა 2025 წელს, როდესაც აშშ-ში გაზრდილმა მზესუმზირამ 10,90 მეტრს მიაღწია და გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

რეკორდის ავტორი ინდიანას შტატში მცხოვრები ალექს ბაბიჩია, რომელიც წარმოშობით უკრაინიდანაა. ის უკვე წლებია გიგანტური მზესუმზირების მოყვანით არის დაკავებული და რეკორდისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. 2022 წელს მისმა საუკეთესო მცენარემ 7,67 მეტრს მიაღწია, ერთი წლის შემდეგ კი შედეგი 7,95 მეტრამდე გააუმჯობესა. თუმცა 2025 წელს მიღწეულმა 10,90-მეტრიანმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

გიგანტურ მზესუმზირას „Clover“ (სამყურა) დაარქვეს. სახელიც განსაკუთრებულ ისტორიას უკავშირდება. მებაღის 10 წლის ვაჟი მცენარის ფოთლებზე ხშირად ოთხფოთოლა სამყურას ტოვებდა, როგორც იღბლის სიმბოლოს. საბოლოოდ სწორედ ეს მცენარე გახდა მსოფლიო რეკორდსმენი.

ამ შედეგმა თითქმის 11 წლის განმავლობაში უცვლელი რეკორდი გააუმჯობესა. წინა მსოფლიო რეკორდი გერმანელ ჰანს-პეტერ შიფერს ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წელს 9,17-მეტრიანი მზესუმზირა გაზარდა. შიფერი ამ რეკორდს ოთხჯერ ამყარებდა, რის გამოც ბევრი სპეციალისტი ფიქრობდა, რომ მისი შედეგის გაუმჯობესება ძალიან რთული იქნებოდა.

გიგანტური მზესუმზირის მიღმა მხოლოდ კარგი თესლი არ დგას. ალექს ბაბიჩი სპეციალურ გენეტიკურ ხაზებზე მუშაობდა, ცვლიდა თესლებს სხვა ენთუზიასტებთან, ზრდიდა ნერგებს დახურულ სივრცეში და მცენარისთვის სპეციალურ საყრდენ კონსტრუქციას აშენებდა. ასეთი ზომის მზესუმზირას ძლიერი ქარი ან სეტყვაც კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

საინტერესოა, რომ რეკორდული მზესუმზირა დაახლოებით სამსართულიანი სახლის სიმაღლის იყო. თუ საშუალო მზესუმზირა 2-3 მეტრს აღწევს, მსოფლიო რეკორდსმენი მას თითქმის ოთხჯერ აღემატებოდა. სწორედ ამიტომ გაზომვის პროცესში სპეციალური ამწე ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო.

რეკორდის პასპორტი

  • რეკორდი: მსოფლიოში ყველაზე მაღალი მზესუმზირა;
  • შედეგი: 10,90 მეტრი;
  • რეკორდსმენი: ალექს ბაბიჩი (Alex Babich);
  • ქვეყანა: აშშ;
  • ადგილი: ფორტ-უეინი, ინდიანა;
  • თარიღი: 3 სექტემბერი, 2025;
  • მცენარე: Helianthus annuus;
  • რეკორდის სტატუსი: მოქმედი (Guinness World Records).

დღეს ეს რეკორდი მხოლოდ მებაღეობის მიღწევად არ ითვლება. ის ასევე ადასტურებს, რამდენად დიდი როლი აქვს გენეტიკას, მრავალწლიან დაკვირვებასა და მოთმინებას. როგორც თავად რეკორდსმენი ამბობს, გიგანტური მცენარეების მოყვანა მხოლოდ კონკურენცია კი არა, ოჯახური ტრადიციაცაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ფოტო: Pixabay
წყარო: Guinness World Records – Tallest Sunflower

ერთი საზამთრო, რომელიც ორი ადამიანის წონას უტოლდებოდა

თქვენი რეკლამა