FAO-ს ტრენინგები კავკასიაში კალიების პრობლემის მართვის საკითხებზე

FAO, ტრენინგები, კალია, კავკასია

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტებისთვის ტრენინგები ჩაატარა. ტრენერთა სწავლებები განხორციელდა პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით „კალიების კონტროლის გაუმჯობესება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“.

პროექტი მიმდინარეობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კალიების შემოსევებით გამოწვეული ზიანის შემცირებას, კალიების მართვის გაუმჯობესებით. მათ შორის, მონაცემთა შეგროვების ავტომატიზებული სისტემის (ASDC) და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კალიების კონტროლის სისტემის (CCALM) გამოყენებით.

სწავლებების მიზანია ცოდნისა და სწავლების უნარისა და ინსტრუმენტების გადაცემა მასტერ-ტრენერებისთვის, რომლებიც შემდგომ, თავიანთ ქვეყნებში შეძლებენ სხვა სპეციალისტების მომზადებას აღნიშნულ საკითხებზე.

„კავკასიის ქვეყნებში კალიები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს სოფლის მეურნეობისთვის. შემოსევის დროს, ისინი ანადგურებენ საძოვრებს და სასოფლო-სამეურნეო ნათესებს, რითაც შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ და საფრთხე შეუქმნან სასურსათო უსაფრთხოებას და სოფლის მოსახლეობის საარსებო წყაროებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საფრთხეებთან ბრძოლა და ადგილობრივი სპეციალისტების მხარდაჭერა ტრენინგებითა და ინფორმირებით“, – განაცხადა მამუკა მესხმა, FAO-ს წარმომადგენლის თანაშემწემ საქართველოში.

„კალიების მართვასთან დაკავშირებული პროექტები საქართველოში ხორციელდება 2009 წლიდან,  FAO გვეხმარება კალიების კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მათ შორის, 2010 წელს კალიების აფეთქებების დროს, FAO-ს მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგები და გადმოგვეცა სათანადო აღჭურვილობა კალიების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებების ჩასატარებლად. ვინაიდან კალიები მიგრაციული მავნებლები არიან, ისინი ადვილად გადადიან ერთი ქვეყნიდან მეორეში და მათ წინააღმდეგ ბრძოლა რეგიონული თანამშრომლობის გარეშე ეფექტიანი არ იქნებოდა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ FAO-ს მეშვეობით ხდება რეგიონის ქვეყნებს შორის კომუნიკაცია და კალიების  საწინააღმდეგო ბრძოლის კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა“, – განაცხადა ტრენინგის მონაწილემ, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა კარანტინის სამმართველოს უფროსმა ბეჟან რეხვიაშვილმა.

ტრენინგები კავკასიის ექსპერტებისთვის 12-23 სექტემბერს, კახეთში ჩატარდა და ორ სესიას მოიცავდა: პირველი სესია – კალიების მონიტორინგი და ინფორმაციის მართვა, მონაცემთა შეგროვების ავტომატიზებული სისტემის (ASDC) და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კალიების კონტროლის სისტემას ეხებოდა (CCALM), მეორე სესია – კალიების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებას და უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 23 სპეციალისტმა.

სპეციალისტებს ინფორმაცია FAO-ს ექსპერტებმა მიაწოდეს. შემდეგი ნაბიჯი ტრენინგის დროს გადამზადებული მასტერ-ტრენერების მიერ ეროვნულ დონეზე, საკუთარ ქვეყნებში ჩატარებული ღონისძიებები იქნება, სადაც ისინი ცოდნას სხვებსაც გაუზიარებენ.

ტრენერთა გადამზადება საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

თქვენი რეკლამა