აგვისტო ატმის მყნობისთვის შესანიშნავი თვეა

ატამი, მყნობა

აგვისტოს დასაწყისი შუა რიცხვებამდე, შესანიშნავი დროა ატმის დასამყნობად. ამ პერიოდში ვეგეტაცია ხდება და მცენარე წყალს ისრუტავს, რაც დამყნობის დროს კვირტს კარგი შეწებების უნარს აძლევს. თითქმის ოთხი ათეული წელია ამ საქმეზე ვმუშაობ და დანერგილი მაქვს ასეთი პრაქტიკა: ცოტა ხნით, ასე ათი დღით ადრე, საძირეს ოდნავ აზოტოვან სასუქს ვაძლევ. ეს ხელს უწყობს ვეგეტაციას და ნამყენის გახარების უპირობო ხელშემწყობი ფაქტორია.

საძირე მასალა აუცილებლად ატმისა უნდა იყოს. ე. წ. პანტის ნათესისგან ამოსული. ის მრავალი წლის მანძილზე არ ხმება. მაგალითად, მე ასეთ საძირეზე დანამყენი 30 წლის ატმის ხეებიც მაქვს, მაშინ, როცა ატმის საშუალო ასაკად 10 წელი თუ მიიჩნევა.

ტყემლის საძირეზეც დამყნობა არაა გამართლებული _ ის სუსტი იქნება, როგორც გამძლეობის, ისე ნაყოფიერების მხრივ.

საძირე სიმსხოთი საშუალოდ უნდა იყოს მამაკაცის ნეკა თითის ტოლი, ნორჩი. ჩვეულებრივად საძირის კანს ვსერავთ სამყენი ჯაყვით, ვაძლევთ “Т” ფორმას და ამ ჭრილში ფრთხილად ვსვამთ წინასწარ მომზადებული ტოტიდან აღებულ კვირტს. აუცილებლად ორი კვირტი უნდა დაამყნათ, რადგან უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი აუცილებლად გადარჩება. შემდეგ პოლიეთილენით ძალიან მჭიდროდ უნდა დავახვიოთ ქვემოდან ზემოთ ისე, რომ წყალი არ ჩაიღვაროს.

თვით საძირეს ქვემოთ არსებული ფოთლები შემოვაცალოთ. დავტოვოთ ასე. ადრე გაზაფხულზე კი დანამყენ ადგილს ზემოთ, ერთი სანტიმეტრით წავაჭრათ ნედლი მასა, რათა კვირტს ამოყრის საშუალება მიეცეს. ასე დავტოვოთ, ვიდრე კარგად არ გაიფურჩქნება. ხოლო თუ გადარგვა გვინდა, შემოდგომას დაველოდოთ. წელიწადის დრო არ აგერიოთ-დამყნობიდან მეორე შემოდგომაზე შეიძლება გადარგვა.

თუ ატმის ბაღის გაშენებას განიზრახავთ, ნარგავებს შორის 3,5-4 მეტრი მანძილის დატოვება საკმარისია. დაიმახსოვრეთ, ატამს არ უყვარს ნესტიანი მიწა.

სახრავი თუ სახლეჩი ატმის მყნობის პრინციპი ერთი და იგივეა. აგვისტოში ზუსტად ატმის მსგავსად იმყნობა ბალის ყველა სახეობა. განსხვავება არაფერია, გარდა იმისა, რომ გადარგვის დროს ბალის ნერგებს შორის მანძილი 7-8 მეტრი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ატამი ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვან მცენარეთა გვარს მიეკუთვნება. არის ძალიან არომატული, უწყინარი ხილი, რომელიც საოცრად ასუფთავებს ნაღვლის ბუშტს და შველის გულის არითმიას.

ეცადეთ, გამოიყენოთ ატმის მყნობის საშური დრო-აგვისტო და მოამრავლეთ ის საკუთარ კარმიდამოში.

ომარ შავიშვილი, ფერმერი / gurianews.com

თქვენი რეკლამა