აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 1 აგვისტოდან ინდოეთიდან იმპორტზე, 25%-იანი ტარიფის და რუსული ენერგორესურსების შესყიდვების გაგრძელებისთვის, დაუზუსტებელი ჯარიმების შემოღების შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, ჩვენ წლებია მათთან მცირე ბიზნესზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რადგან ტარიფები ძალიან მაღალია – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და მათ ყველაზე მკაცრი და უსიამოვნო არაფულადი სავაჭრო ბარიერები აქვთ ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით. ისინი ასევე ყოველთვის ყიდულობდნენ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის დიდ ნაწილს რუსეთიდან და ჩინეთთან ერთად რუსული ენერგიის უმსხვილესი მყიდველები არიან, მაშინ როცა ყველას სურს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს მკვლელობები უკრაინაში – ეს ყველაფერი კარგი არ არის. ამიტომ, ინდოეთი გადაიხდის 25%-იან ტარიფს პლუს ზემოაღნიშნულისთვის ჯარიმას, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდება“, – წერს ტრამპი.
ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფები ნიუ დელის იმედებს ანგრევს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით პრივილეგირებული მოპყრობა ექნებათ.
ინდოეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაიწყო პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის თებერვალში თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ.
დიდი ხნის განმავლობაში მოდის მთავრობა ტრამპის მიმართ შემრიგებლურ მიდგომას ირჩევდა და აშშ-ის ადმინისტრაციას სავაჭრო და იმიგრაციულ საკითხებში რამდენიმე დათმობას სთავაზობდა. თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში ნიუ-დელიმ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა, რადგან მოლაპარაკებები საკამათო საკითხებთან, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, ჩიხში შევიდა.

