რამდენ წყალს მოიხმარს ნათესი? რამდენად ეფექტიანად გამოიყენება სარწყავი რესურსები? ამ კითხვებზე პასუხის მიღება დღეს უკვე სატელიტური მონაცემების გამოყენებით არის შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით შექმნა FAO-მ WaPOR – პლატფორმა, რომელიც სოფლის მეურნეობაში წყლის გამოყენების მონიტორინგს რეალურ მონაცემებზე აფუძნებს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ შექმნილი WaPOR (Water Productivity through Open-access of Remotely sensed derived data) წარმოადგენს ღია ციფრულ პლატფორმას, რომელიც სატელიტური დაკვირვებების საფუძველზე სოფლის მეურნეობაში წყლის გამოყენების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და ამუშავებს. სისტემა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეაფასონ წყლის მოხმარება, მოსავლიანობის პოტენციალი და წყლის გამოყენების ეფექტიანობა კონკრეტულ ტერიტორიებზე.
სოფლის მეურნეობა მსოფლიოში მტკნარი წყლის ყველაზე დიდი მომხმარებელია და FAO-ის შეფასებით, გლობალური წყლის რესურსების დაახლოებით 70 პროცენტი სწორედ ამ სექტორზე მოდის. კლიმატის ცვლილებისა და წყლის რესურსებზე მზარდი ზეწოლის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის ცოდნა, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება თითოეული ლიტრი წყალი.
WaPOR-ის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია აორთქლება-ტრანსპირაცია (Evapotranspiration – ET). ეს არის პროცესი, რომლის დროსაც წყალი ნიადაგიდან და მცენარეებიდან ატმოსფეროში ბრუნდება. აღნიშნული მონაცემები სპეციალისტებს საშუალებას აძლევს დაადგინონ, რამდენ წყალს მოიხმარს კონკრეტული კულტურა და რამდენად შეესაბამება ეს მაჩვენებელი არსებულ პირობებს.
პლატფორმა ასევე აფასებს ბიომასის წარმოქმნას, რაც მცენარეთა ზრდისა და პროდუქტიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. შედეგად შესაძლებელია არა მხოლოდ წყლის მოხმარების, არამედ წყლის პროდუქტიულობის ანალიზიც — რამდენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იქმნება გამოყენებული წყლის მოცულობის მიმართ.
WaPOR-ის მონაცემები მიიღება დედამიწის დამკვირვებელი თანამგზავრების მეშვეობით. სისტემა აერთიანებს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას და ქმნის რუკებს, რომლებიც ასახავს მცენარეულობის მდგომარეობას, წყლის გამოყენებასა და სასოფლო-სამეურნეო აქტივობას. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს კონკრეტული ტერიტორია და რამდენიმე წლის მონაცემიც კი შეადაროს ერთმანეთს.
FAO-ის მიხედვით, WaPOR განსაკუთრებით სასარგებლოა სარწყავი სისტემების მართვისთვის. მისი დახმარებით შესაძლებელია გამოვლინდეს ნაკვეთები, სადაც წყალი არაეფექტიანად გამოიყენება, შეფასდეს გვალვის გავლენა და უკეთ დაიგეგმოს სარწყავი რესურსების განაწილება. ამ ინფორმაციას იყენებენ როგორც ფერმერები და აგრონომები, ისე სახელმწიფო უწყებები და წყლის რესურსების მმართველი ორგანიზაციები.
მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში და საქართველოს ტერიტორიაც სრულად არის წარმოდგენილი რუკებზე. შესაბამისად, მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ საკუთარი რეგიონები და გაეცნონ სხვადასხვა მაჩვენებელს, რომელიც წყლისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობას უკავშირდება.
WaPOR კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს თანამედროვე სოფლის მეურნეობა კოსმოსურ ტექნოლოგიებს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მისაღებად. თუ ადრე წყლის გამოყენების შეფასება მხოლოდ საველე გაზომვებით იყო შესაძლებელი, დღეს ამის გაკეთება სატელიტების დახმარებითაც შეიძლება, რაც მონაცემებს უფრო ხელმისაწვდომსა და მასშტაბურს ხდის.
წყარო: FAO – WaPOR, Remote Sensing for Water Productivity
აპლიკაცია / პლატფორმა: WaPOR

