FAO-მ CropSuit წარადგინა — ხელოვნური ინტელექტი ფერმერს ეუბნება, რომელი კულტურა უნდა მოჰყავდეს

CropSuit, FAO

სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხშირად მოსავლის დათესვამდე მიიღება — რა კულტურა უნდა გაშენდეს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე.

სწორედ ამ ამოცანის გასამარტივებლად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ახალი ციფრული პლატფორმა CropSuit შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და გეოსივრცული მონაცემების დახმარებით ადგენს, რომელი კულტურა იქნება კონკრეტულ ადგილზე ყველაზე წარმატებული.

CropSuit უფასო ვებპლატფორმაა, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს ნიადაგის, კლიმატის, რელიეფის, მიწათსარგებლობისა და სხვა გარემო ფაქტორების მონაცემებს. ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე პროგრამა აფასებს, თუ რომელი კულტურები შეესაბამება მოცემულ პირობებს და რა მოსავლიანობის მიღებაა მოსალოდნელი.

FAO-ს შეფასებით, ასეთი მიდგომა ფერმერს მხოლოდ კულტურის არჩევაში არ ეხმარება. სწორად შერჩეული კულტურა ამცირებს მოსავლის დაკარგვის რისკს, ზრდის შემოსავლებს, უფრო ეფექტიანს ხდის სასუქებისა და წყლის გამოყენებას და ხელს უწყობს მიწის მდგრად მართვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში დაახლოებით 1,7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ტერიტორიებზე, სადაც ნიადაგის დეგრადაცია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას ამცირებს.

პლატფორმა შეიქმნა FAO-ს SoilFER პროგრამის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ნიადაგის ციფრული რუკების შექმნასა და თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვას ემსახურება. CropSuit ეფუძნება FAO-სა და საერთაშორისო გამოყენებითი სისტემური ანალიზის ინსტიტუტის (IIASA) მიერ განვითარებულ აგროეკოლოგიური ზონირების (GAEZ) მოდელს, რომელიც უკვე მრავალი წელია სოფლის მეურნეობის დაგეგმვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ითვლება.

პროგრამის შესაძლებლობები უკვე პრაქტიკაში გამოიცადა ზამბიაში. ერთსა და იმავე კლიმატურ პირობებში ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მიწის სხვადასხვა ტიპზე სიმინდის მოყვანის პერსპექტივა მნიშვნელოვნად განსხვავდება. ზოგიერთ ნაკვეთზე სისტემა სიმინდის ნაცვლად კასავას, ძროხის ცერცვს (cowpea) და ფონიოს რეკომენდაციას იძლევა, რადგან ისინი მოცემულ ნიადაგზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ.

FAO-ში აღნიშნავენ, რომ CropSuit ფერმერს არ ცვლის. მისი დანიშნულებაა, გადაწყვეტილების მიღებამდე ზუსტი და მეცნიერულ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდოს, რათა თითოეულმა მეურნემ საკუთარი მიწის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი სისტემები უახლოეს წლებში ჭკვიანი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად იქცევა. კლიმატის ცვლილების ფონზე, როდესაც ამინდის პროგნოზირება სულ უფრო რთულდება, კულტურის სწორად შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ხარისხიანი თესლი, თანამედროვე ტექნიკა თუ ეფექტიანი მორწყვა. CropSuit სწორედ ამ მიმართულებით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალ ციფრულ გადაწყვეტას.

წყარო: FAO launches CropSuit app to help farmers grow the right crops in the right places

თქვენი რეკლამა