ქალაქ ხაშურში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურა შენდება.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, AFD-ის სამხრეთ კავკსასიის რეგიონული სააგენტოს ხელმძღვანელი ფანი დელპი და ევროკავშირის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
,,ხაშურში უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს, დავიწყეთ ქალაქის წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროგრესი, რომელიც დღეის მდგომარეობით გვაქვს ნამდვილად არის უკვე ხელშესახები, 200 კმ-ი ქსელიდან 80 კმ-ი მოწყობილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წლის ბოლოს ქალაქ ხაშურის მოსახლეობა 24 სთ-იანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. ამასთანავე, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის პანელები, რაც შეამცირებს შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
მასშტაბური პროექტი რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აშენდება წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი.
დღეის მდგომარეობით, ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მოძველებულია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ქალაქს წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის მოსახლეობის, დაახლოებით 30 000 ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პარალელურად მიმდინარეობს ქალაქ ხაშურში სასმელი წყლის მოპოვების ობიექტებისა (სათავე ნაგებობი, სატუმბო სადგურების, წნევიანი მაგისტრალებისა და რეზერვუარების) და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის სატენდერო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსების მხარდაჭერით მიმდინარეობს.