მევენახეობის ძირითადი ზონები საქართველოში

ვენახი, ღვინო, ზონები, საქართველო

საქართველოს ეკოლოგიური პირობები სხვადასხვა კუთხის მიხედვით, მეტად მრავალფეროვანია.

საქართველოს რეგიონები და მუნიციპალიტეტები ნიადაგობრივი, კლიმატური და ეკონომიკური პირობების შესაბამისად დაყოფილია მევენახეობის ზონებად.

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ზონები

მევენახეობის მიხედვით საქართველო დაყოფილია შემდეგ ძირითად ზონებად, ქვეზონებად და მიკროზონებად.

აღმოსავლეთ საქართველო

I ზონა: კახეთი

ქვეზონები: შიდა კახეთი და გარე კახეთი.

მიკროზონები: წინანდალი, თელიანი, ნაფარეული, ვაზისუბანი, მუკუზანი, ახაშენი, გურჯაანი, კარდენახი, ტიბაანი, ქინძმარაული, მანავი, ენისელი და გრემი.

კახეთი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ძირითადი ზონაა, რომელიც მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ალაზნისა და ივრის ხეობებში, დიდი კავკასიონისა და გომბორის ქედის კალთებზე. მას ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით – კავკასიონის ქედი, დასავლეთიდან – ქართლის ქედი, სამხრეთით – გარეჯის მაღლობი და შირაქის ზეგანი, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი.

კახეთის ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტებია _ ახმეტა, თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯო.

საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები კახეთში ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 500–700 მ. სიმაღლეზე. ერთეული ვენახები 800-900 მეტრამდე ვრცელდება.

კლიმატი

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11,0-13,5°C –ს ფარგლებში ცვალებადობს. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (-10°C-ზე ზევით) 3500-4250°C –ს ფარგლებში მერყეობს.

აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა (-13-15°C) იშვიათად – 15-20 წელიწადში ერთხელ შეიძლება განმეორდეს. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში საშუალოდ 2000-2200 საათს შეადგენს. სავეგეტაციო პერიოდში (აპრილიდან იანვრამდე) 1500-1600 საათია.

ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი შიდა კახეთში 550-800 მმ ფარგლებშია. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 350-400 მმ არ აღემატება, რის გამოც ხეხილის მორწყვა აუცილებელია. მორწყვა შესაძლებელია მდ. ალაზნისა და მდ. იორის სარწყავი სისტემით.

ნიადაგები

ხეხილის ბაღები და ვენახები ძირითადად გაშენებულია: ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატული შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.

აღნიშნული ნიადაგები ხასიათდება კარგი ფიზიკური და თბური თვისებებით. კარბონატების შემცველობა ამ ნიადაგებში 5-30% დარგლებში ცვალებადობს. ნიადაგის ზედა ფენებში ჰუმუსი 25% ფარგლებშია.

სამეურნეო მიმართულებები

კახეთში თავმოყრილია საქართველოს ვენახების 65-68%. წარმოებული ღვინის 75-80% სწორედ კახეთზე მოდის.

ამ რეგიონში ძირითადად გავრცელებულია შემდეგი დარაიონებული  სტანდარტული ჯიშები:

თეთრყურძნიანი ჯიშები: რქაწითელი, რქაწითელი-კლონი №48 ქისი, მწვანე კახური, მწვანე კახური-კლონი № 12, ხიხვი, მუსკატური რქაწითელი, ალიგოტე, ჩინური.

წითელყურძნიანი ჯიშები: საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, საფერავი-კლონი № 359, კაბერნე სოვინიონი, თავკვერი, შავი პინო.

სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, თბილისური, ხალილი, ქართული საადრეო, ალექსანდრიული მუსკატი, მუსკატური რქაწითელი.

კახეთის მევენახეობის ძირითადი მიმართულებაა მაღალხარისხოვანი წითელი და თეთრი, მშრალი, ბუნებრივად მოტკბო და სადესერტო ღვინოების წარმოება. ზოგიერთ მიკროზონაში საუკეთესო ღვინომასალა იწარმოება ცქრიალა ღვინოებისა და ღვინის ბრენდისათვის.

კახეთში გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი აღიარებული ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჯაანი, კარდანახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვ.

ევროპული ტიპის მაღალხარისხოვანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების თეთრი ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფარეულის, გურჯაანის, მანავის მიკროზონებში ადგილობრივი უნიკალური ვაზის ჯიშებისაგან: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის და მათი კლონების, აგრეთვე ქისისაგან.

მაღალხარისხოვანი მშრალი წითელი ღვინოები მიიღება აბორიგენული ჯიშის საფერავის, მისი კლონებისა და ვარიაციებისაგან: საფერავი ბუდეშურისებურის, მრგვალმარცვალა საფერავის, საფერავი კლონი 359-ის და ფრანგული კაბერნე სოვინიონისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზანის, ხაშმის მიკროზონებში და სხვაგან.

კახეთი გამოირჩევა ორიგინალური, მშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოებით, რომლებიც მიიღება ძირითადად საფერავისაგან ახაშენის, ქინძმარაულის, მუკუზნის რაიონებში, რასაც განაპირობებს აქაური ნიადაგები, მიკროკლიმატი და ჯიშის (საფერავის) მიერ შაქრის დაგროვების მაღალი უნარი.

აღნიშნულ პირობებში, საფერავის და მისი კლონების ყურძენში შაქრიანობა 2325%-ს აღემატება, რის შედეგადაც, სპეციალური ტექნოლოგიების მეშვეობით მზა ღვინოში რჩება ბუნებრივი შაქარი 2,5-5%-ის ოდენობით, 6-7% მჟავიანობით, რაც ღვინოს სიხალისეს და მაღალ საგემოვნო თვისებებს უნარჩუნებს.

მსოფლიოში ერთადერთია ღვინის დაყენების კახური ტექნოლოგია, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს – რქაწითლის, მწვანე კახურის, ხიხვის კარგად მომწიფებული ყურძენი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20-22%-ია, დაჭყლეტის შემდეგ ჭაჭასთან და სხვა მაგარ ნაწილებთან (კლერტა, წიპწა) ერთად თავსდება ქვევრში, სადაც მიმდინარეობს სრული დადუღება.

დადუღებული ღვინო მაგარ ნაწილებთან ერთად რჩება ქვევრში 3-4 თვის განმავლობაში. შემდეგ იგი მოიხსნება ლექისაგან და გადაიტანება მუხის კასრებში, რომლის შემდგომი დამუშავება წარმოებს საერთო ტექნოლოგიური სქემით.

კახური წესით მიღებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ტანინის მაღალი შემცველობით, ორიგინალური ბუკეტით, ჯიშური არომატით, გემოთი და რაც მთავარია, მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. მეცნიერული გამოკვლევებით დადასტურებულია (აკად. ს. დურმიშიძე, მ. ბურზექსი და სხვ.), რომ კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავენ იმ პოლიფენოლებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მოწესრიგებას უწყობს ხელს.

II ზონა: ქართლი

ქვეზონები: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და მესხეთი, აღნიშნული ზონა მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მდ. მტკვრისა და მისი შენაკადების (ლიახვის, ქსნის) ვრცელ აუზში. ვენახები განლაგებულია ზღვის დონიდან 450-700 მ. სიმაღლეზე.

კლიმატი

ზაფხული მშრალი და ცხელი ჰავით ხასიათდება. ზამთარი საკმაოდ ცივი, კონტინენტურია. აქტიურ ტემპერტურათა ჯამი 3030°C (მესხეთი)–3700 °C (შიდა ქართლი) ცვალებადობს, ქვემო ქართლში კი 4100°C-ს აღემატება. წლიური საშუალო ტემპერატურა შიდა ქართლში 9,6-11,4°C საზღვრებშია. ქვემო ქართლში 10,3-12,9°C-ს ფარგლებში იცვლება.

ზამთარში ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმები საშუალოდ 17-19°C-დე ეცემა, მაგრამ მცირე ხანგრძლივობის გამო, ვაზის ძლიერ დაზიანებას იშვიათად იწვევს.

ზამთრის ყინვები ვაზისათვის უფრო საშიშია მესხეთში. აქ ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმები 18-12°C-ს აღწევს. ამიტომ აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავენახე ადგილებისა და ჯიშების აგროტექნიკური ღონისძიებების შერჩევას.

ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი ქვემო და შიდა ქართლში 370-700 მმ-ს შეადგენს, სავეგეტაციო პერიოდში 300-500 მმ-ზე მეტი არ მოდის, რაც ვენახების მორწყვის აუცილებლობას იწვევს. მორწყვა ხორციელდება ტირიფონის, ქსნის, არაგვის სარწყავი არხებით.

ნიადაგები

ვენახების უმეტესი ნაწილი გაშენებულია: მდელოს ყავისფერ, მდელოს ალუვიურ, რუხ-ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე.

აღნიშნული ნიადაგების აგროსაწარმოო თვისებები დამაკმაყოფილებელია ვაზის კულტურის განვითარებისათვის. კალციუმის კარბონატების შემცველობა მდელოს ალუვიურ ნიადაგებში 25-30%-ის ფარგლებშია, ხოლო ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებში 60%-ს აღწევს. ჰუმუსის შემცველობა 1,5-7.0%-დე ცვალებადობს.

სამეურნეო მიმართულებები

წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების თავისებურებების მიხედვით, ქართლი განეკუთვნება კლასიკური ევროპული ტიპის ხარისხოვანი სუფრის ღვინოებისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა (შამპანურის კლასის) ღვინოების ზონას.

უძველესი დროიდან არის ცნობილი შუა ქართლში – ატენის ხეობაში ტრადიციული ტექნოლოგიით, ადგილობრივი აბორიგენული ვაზის ჯიშებით (გორული მწვანე, ჩინური, ბუდეშური, თავკვერი) ორიგინალური ცქრიალა ღვინის დამზადება “ატენურის” სახელწოდებით.

ზემო ქართლის, მესხეთის ტერიტორიაზე საოცრად მდიდარია დარგის ისტორია ამ უძველეს ქართულ მიწაზე. აქ განუმეორებელი ღვინომასალა მიიღება ცქრიალა ღვინოებისთვის: ქართული – გორული მწვანე, ჩინური; და ფრანგული ჯიშებისაგან – პინო, ალიგოტე. შესანიშნავი მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშური ღვინო მიიღება კახური ჯიშის – ხიხვისაგან (აგრეთვე უნიკალური მესხური ჯიშებისგან – აგროკავკასია).

შიდა ქართლში, მდ. ქსნის ხეობაში, მუხრანის ველის სამხრეთ ფერდობებზე, აგრეთვე ახალგორის და ცხინვალის მიკრორაიონები უნიკალურია მაღალხარისხოვანი ევროპული ტიპის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის, რომლებიც მიიღება ადგილობრივი გორული მწვანის, ჩინურის, შავკაპიტოს, თავკვერის და ფრანგული წარმოშობის ჯიშების: პინო შავისა და ალიგოტესგან.

საგურამო-ბიწმენდის მიკროზონას აკად. ს. ჩოლოყაშვილმა „პატარა კახეთი” უწოდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქ ადგილობრივი ჯიშების, აგრეთვე კახური საფერავისა და რქაწითელისაგან უმაღლესი ხარისხის ჰარმონიული წითელი, ვარდისფერი და თეთრი ღვინოები მიიღება.

ქართლში მიიღება აგრეთვე მაღალხარისხოვანი, ბუნებრივად ვარდისფერი ღვინოები შემდეგი ჯიშებისაგან: თავკვერი და შავკაპიტო. ქვემო ქართლი საუკეთესო ზონაა სასუფრე ყურძნისა და ქიშმიშების წარმოებისათვის.

დასავლეთ საქართველო

III ზონა: იმერეთი

ქვეზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი და ქვემო იმერეთი.

იმერეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების რიონის, ყვირილას და მათი შენაკადების აუზსა და ხეობებში, ზღვის დონიდან 50–500 მეტრამდე.

იმერეთი ქართული ხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი მსხვილი რეგიონია, რომელიც გამოირჩევა მეღვინეობის სანედლეულო რესურსების მრავალფეროვნებით.

ცალკეულ მიკროზონებში, განსაკუთრებით შუა და ზემო იმერეთში, აბორიგენული უძველესი ჯიშები: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, ძელშავი, კაბისტონი თეთრი და წითელი იძლევა უმაღლესი ხარისხის ევროპულ და ორიგინალური იმერული ტიპის მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე მშრალ თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს. ამავე ზონაში, ადგილობრივი ჯიშის ციცქას, ფრანგული წარმოშობის პინო შავისა და შარდონესგან მიიღება მაღალხარისხოვანი ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები.

კლიმატი

ჰავა ხასიათდება საკმაოდ ნოტიო, ზომიერად ცივი, თოვლიანი ზამთრითა და მშრალი, ზოგჯერ გვალვიანი, ცხელი ზაფხულით. აქტიური სითბოს ჯამი 3200°C – 4100°C საზღვრებშია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13,90 – 14,60°C ფარგლებში მერყეობს.

მინიმალური ტემპერატურა ზემო იმერეთში (საჩხერის ქვაბური) იშვიათად 18°C-მდე ეცემა, რაც იწვევს ვაზის კვირტების ნაწილობრივ დაზიანებას. მზის ნათების ხანგრძლივობა (შუა იმერეთში) წლიურად 1200–2100 სთს შეადგენს, სავეგეტაციო პერიოდში 1450–1550 სთ-ის საზღვრებშია. ნალექების წლიური ჯამი 1200–1500 მმ-ს, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 550–750მმ-ს შეადგენს.

ნიადაგი

იმერეთის ზონაში საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე გავრცელებულია ნეშომპალა–კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა და ეწერი ნიადაგები. გვხვდება აგრეთვე მდელოს ალუვიური ნიადაგები.

სამეურნეო მიმართულებები

იმერეთის მევენახეობა მეღვინეობა ხასიათდება ვაზის აბორიგენული ჯიშებისა და წარმოებული ღვინოების მრავალფეროვნებით.

ცალკეულ მიკროზონებში აბორიგენული უძველესი ჯიშები: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, ძელშავი, კაპისტონი თეთრი და წითელი, ალადასტური და სხვ. იძლევა უმაღლესი ხარისხის ორიგინალურ თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს.

შუა და ზემო იმერეთში ადგილობრივი ჯიშის ციცქასა, ფრანგული წარმოშობის პინო შავისა და შარდონესაგან მიიღება მაღალხარისხოვანი ცქრიალა (შამპანურის კლასის) ღვინოები.

დიდი შესაძლებლობებია წარმოშობის ადგილის დასახელების მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოებისათვის, მაგ: სვირის, ობჩის, დიმის, ვაჭევის, ილემის, სავანეს (საჩხერეში) მიკროზონებში (ცოლიკოურისა და ციცქასაგან), არგვეთის მიკროზონაში (ოცხანური საფერისაგან) და სხვ.

იმერეთში მრავალსაუკუნოვანი ხალხური ტრადიციების საფუძველზე შემუშავებულია იმერული ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგია, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს რომ, ყურძნის ტკბილის დადუღება მიმდინარეობს მიწაში ჩამარხულ ჭურში (ქვევრში), რომელსაც ემატება მხოლოდ ჭაჭა (კახური ტექნოლოგიისაგან განსხვავებით, კლერტის გარეშე), რომელიც მადუღარი მასის 4-6%-ს შეადგენს და რომლის იმავე ჭურჭელში დავარგება 1,5-2 თვე გრძელდება. ღვინო შემდეგ გადააქვთ კასრებში და მისი მოვლა–დამუშავება გრძელდება სტანდარტული ტექნოლოგიით.

ამ წესით დამზადებულ ღვინოში უფრო საგრძნობია ჯიშობრივი დადებითი თვისებები – უფრო ექსტრაქტულია, მოყვითალო ჩალის ელფერით, სხეულიანია, ამავე დროს მსუბუქი, ჰარმონიული, გემო სასიამოვნოა. იგი შეიძლება გავრცელდეს ამავე გეოგრაფიული დასახელებით, `იმერული ღვინო”, ისე როგორც “კახური ღვინო”.

IV ზონა: რაჭა-ლეჩხუმი

ქვეზონები: ქვემო რაჭა, ლეჩხუმი.

მიკროზონები: ხვანჭკარა, ტვიში.

რაჭა-ლეჩხუმის ზონა მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთით, მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ორივე სანაპიროზე. ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოფარგლულია და დაცულია კლდოვანი ქედებით, რომლებიც ქმნიან განსაკუთრებულ სითბურ რეჟიმს – მიკროკლიმატს, რომელიც განმსაზღვრელია აქაური ღვინოების ორიგინალური თვისებების და ღირსებებისა. ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 600–800 მეტრზე.

კლიმატი

ვენახების გავრცელების ძირითად ზონაში (ზღვის დონიდან 800მ-დე) აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3000-3650°C-ს ფარგლებშია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9,5–11,4°C ფარგლებში ცვალებადობს.

მდინარე რიონის სანაპირო ზოლში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 16-17°C-ს აღწევს (დროის მცირე ხანგრძლივობისთვის). ამრიგად, დაბალ ადგილებში უშუალოდ მდინარის პირას ვენახების გაშენება არ არის რეკომენდებული. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 950–1250 მმ-ს შეადგენს, საიდანაც სავეგეტაციო პერიოდზე 600–700 მმ მოდის.

ნიადაგი

დიდი გავრცელება აქვს ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებს. ისინი უმეტესად განვითარებული არიან კირქვებზე, გერგელებსა და კარბონატულ ქვიშაქვებზე.

ნიადაგი შედარებით მცირე სისქისაა, ჰუმუსის დიდი შემცველობით (გერგელებზე ჰუმუსის შემცველობა 4%-დე აღწევს). სწორედ ამ ნიადაგებზეა განლაგებული უნიკალური მიკროზონები აბორიგენული ჯიშებით: ხვანჭკარა, სადმელი, ტოლია, ორბელი და სხვ.

სამეურნეო მიმართულებები

კლდოვანი ქედებით შემოფარგლული, მზით უხვად განათებული, სამხრეთის ექსპოზიციაზე განლაგებული, ჩონჩხიან-ხირხიტიან ნიადაგებზე გაშენებული აქაური ადგილობრივი ვაზის ჯიშები, რომლებიც შაქრის დაგროვების მაღალი (28-30%-დე) უნარით ხასიათდება, განაპირობებს იმ ფაქტორებს, რის შედეგადაც

მიიღება ორიგინალური, მაღალხარისხოვანი წითელი და თეთრი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და მშრალი ღვინოები. საქვეყნოდ არის აღიარებული წარმოშობის ადგილის დასახელების ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა”, ამავე სახელწოდების ხვანჭკარა–სადმელის მიკროზონიდან, ჯიშების – ალექსანდროულისა და მუჯურეთულისაგან.

„ხვანჭკარა”, ანუ ისტორიულად ცნობილი „ყიფიანის ღვინო” მიღებულია ადგილობრივი ტექნოლოგიით: ყურძნის ტკბილის დადუღება მიმდინარეობს ქვევრში ჭაჭასთან ერთად, რომელსაც ხელოვნურად წყვეტენ ტემპერატურის დაწევის ხარჯზე. მაღალშაქრიანი (23%-ზე მეტი) ყურძნის ტკბილის ნაწილობრივ დადუღების შემდეგ ღვინოში რჩება 3-5% ბუნებრივი შაქარი, რაც ღვინოს უნარჩუნებს სასიამოვნო სიტკბოსა და ჯიშისათვის დამახასიათებელ მაღალსაგემოვნო ორიგინალურ თვისებებს.

ტვიშის მიკრორაიონში, იმერული ჯიშის ცოლიკოურისაგან მიიღება ბუნებრივად ნახევრადტკბილი თეთრი ღვინო, ამავე ადგილის „ტვიშის” სახელწოდებით.

ლეჩხუმში, ზუბი–ოყურეშის მიკროზონაში ადგილობივი ჯიშის – უსახელოურისაგან მზადდება ბუნებრივად ნახევრადტკბილი, წითელი ღვინო „უსახელოური”, ხოლო ორბელის მიკროზონაში, ორბელური ოჯალეშისგან მიიღება ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო „ორბელური ოჯალეში”.

V ზონა: შავი ზღვის სანაპირო

ზონა ქვეზონები: გურია, აჭარა, სამეგრელო, აფხაზეთი.

მევენახეობა–მეღვინეობის ეს ზონა მოქცეულია უშუალოდ შავი ზღვის ახლო სანაპირო ზოლში. ვენახები (აფხაზეთი) უშუალოდ ზღვის დონიდან ან 2–4 მეტრიდან იწყება და 500 მ-ის სიმაღლემდე ვრცელდება (ზემო აჭარა).

კლიმატი

ჰავა სუბტროპიკული, ტენიანი, ადგილებში ჭარბტენიანიც, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე). აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3800 – 4200°C-ს აღწევს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12 – 14°C შეადგენს.

ნალექები უხვად მოდის, ბათუმის ზონაში 2500მმ-საც აღწევს, მაგრამ ხეხილის ძირითადი გავრცელების ადგილებში წლიური მაჩვენებელი 1500 – 1800 მმ-ს ფარგლებშია, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 800 – 900 მმ-ს შეადგენს.

ნიადაგები

დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების მსგსავსად შავი ზღვისპირეთშიც გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, წითელმიწა და ეწერი ნიადაგები. გვხვდება აგრეთვე მდელოს ალუვიური და ალივიური ნიადაგები, ხოლო ფერდობებზე – ნაწილობრივად ეროზირებული, ხირხატიანი ნიადაგები.

სამეურნეო მიმართულებები

ჭარბი ტენიანობის მიუხედავად, ცალკეულ ადგილებში ადგილობრივი ჯიშებისაგან მიიღება მაღალხარისხოვანი მშრალი, მოტკბო და ცქრიალა ღვინოები. გურიის (ბახვი–ასკანა), აჭარის (ქედი), აფხაზეთის (გუდაუთა) მიკროზონებში გურული აბორიგენული ჯიშის – ჩხავერისაგან მიიღება უნიკალური საგემოვნო თვისებების ჯიშური დასახელების ცქრიალა და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „ჩხავერი“.

სამეგრელოში, სალხინო–თამაკონის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის – ოჯალეშისგან მზადდება ინტენსიურად შეფერილი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და მშრალი ჯიშური დასახელების ღვინო „ოჯალეში”. ცნობილია, რომ სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ ა.მიურატს სალხინოში დამზადებული „ოჯალეში” გაუგზავნია საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე საფრანგეთში, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი – „გრანპრით” დაუჯილდოვებიათ.

აფხაზეთში, ადგილობრივი ჯიშების – ავასირხვას და კაჭიჭისაგან, და გურიიდან შეტანილი ჩხავერისაგან მიიღება ბუნებრივად ნახევრადტბილი ღვინოები, რომელთაც მოპოვებული აქვთ საერთაშორისო აღიარება.

ავტორები: ანა გოდაბრელიძე, ვაჟა გოცირიძე. „მევენახეობა“

თქვენი რეკლამა