ღორის პასტერელოზი (ჰემორაგიული სეპტიცემია)

1813 Views

პასტერელოზი (Pasteurellosis) თბილსისხლიანი ცხოველების და ფრინველების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან, საქართველოში.

ხშირია დაავადება მსხვილფეხა ცხოველებში, ღორებში, ცხვარში, ასევე ფრინველში. მიმდინარეობს უმწვავესი ანუ სეფსისური (შეშუპებითი), მწვავე (გულმკერდის) და ქრონიკული ფორმით.

დაავადებას, მწვავე ფორმით მიმდინარეობის დროს, ახასიათებს შეშუპებითი სინდრომი. ხოლო მისი ქვემწვავე და ქრონიკული ფორმებისთვის დამახასიათებელია სასუნთქი სისტემის დაავადებები. დაავადების აღმძვრელია Pasteurella-ს ჯგუფის მიკროორგანიზმები: Pasteurella bovisepticum, Pasteurella Ovisepticum, Pasteurella suisepticum, Pasteurella avisepticum.

ავადდება ყველა ასაკის ცხოველი და ფრინველი, თუმცა მაინც ითვლება, რომ ეს ზრდასრულთა დაავადებაა. ფრინველებში და კურდღლებში დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობს და შეიძლება ეპიზოოტიის ხასიათიც კი მიიღოს.

პასტერელას ჯგუფის მიკროორგანიზმები, მუდმივად იმყოფებიან ჯანმრთელი ცხოველის სასუნთქი სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსებზე. ისინი, ეგრედწოდებული, ,,პირობითად პათოგენური“ მიკროორგანიზმები არიან. ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითების შემდეგ კი ხდებიან პათოგენურნი და იწვევენ დაავადებას.

პასტერელოზი შეიძლება წარმოდგენილი იყოს მეორადი დაავადების სახით, როგორც გართულება, მაგალითად ღორის კლასიკური ჭრის დროს. დაავადების გავრცელების წყაროს წარმოადგენს დაავადებული, ან პათოგენური მიკრობის მტარებელი ცხოველი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიკრობმტარებლობა ამ დაავადების დროს, შეიძლება დიდხანს გრძელდებოდეს და ასეთი ცხოველი გახდეს მიზეზი ინფექციის ელვისებური ფორმით განვითარებისა, რაც ხშირად მძიმე შედეგებით მთავრდება. იგულისხმება ლეტალობა, რომლის მაჩვენებელი 70-100% შეიძლება აღწევდეს.

მძიმე შედეგებით მთავრდება დაავადება კამეჩებში, რომლებიც უფრო მგრძნობიარენი არიან პასტერელოზის მიმართ, ვიდრე სხვა ცხოველები. დაავადება ხშირად ვლინდება ზაფხულსა და შემოდგომაზე, რაც დაკავშირებულია წვიმის სეზონებთან.

კლინიკური ნიშნები

უმწვავესი ფორმის დროს, ცხოველი შეიძლება ისე სწრაფად მოკვდეს, რომ კლინიკური ნიშნების გამოვლინებას არც ჰქონდეს ადგილი.

დაავადებას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (410-420), სეპტიცემიური მოვლენები, რომლებიც სწრაფად ვითარდება, გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, სისხლიანი ფაღარათი. პასტერელოზის მწვავე ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა მაღალია, ცხვირტუჩის სარკე ცხელია და მშრალი.

დაავადების დასაწყისში პერისტალტიკა მცირდება შესაბამისად მცირდება დეფეკაციაც. ცხვირის ღრუდან იწყება წყლისმაგვარი გამონადენი, რომელსაც შემდგომ ეტაპზე ემატება ფიბრინისა და სისხლის მინარევები; ვითარდება კონიუნქტივიტი და სისხლიანი შარდვა.

ორგანიზმში იწყება სეპტიცემიის თანმხლები მოვლენები. ცხოველი 1-2 დღეში კვდება. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი არ მოკვდა, დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში. ხშირად ასე ხდება ახალგაზრდა ცხოველებში. დაავადება რთულდება ფაღარათით და საერთო სისუსტით. ცხოველი კვდება 3-4 კვირის შემდეგ.

პათანატომიური ცვლილებები

პათანატომიური ცვლილებები მეტად მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ცხოველის რეზისტენტობასა და მიკროორგანიზმების ვირულენტობაზე. სეფსისური ფორმა ხასიათდება სეროზულ და ლორწოვან გარსებზე მასიური სისხლჩაქცევები, ამიტომაც მიიღო ამ დაავადებამ მეორე სახელწოდება – ჰემორაგიული სეპტიცემია. ხშირად სისხლჩაქცევებია ხორხში, ტრაქეაში, პლევრაზე, ეპიკარდიუმზე, ენდოკარდიუმზე.

ლიმფური ჯირკვლები გადიდებულია და გადანაჭერზე ნამიანია, ფილტვები ჰიპერემიული და შეშუპებული. შეშუპებები განსაკუთრებით გამოკვეთილია ხახა-ხორხში. შეშუპებულ უბნებში კანქვეშა ქსოვილი გაჟღენთილია ტრანსუდატით, ფილტვის ქსოვილი ჰიპერემულია.

მწვავე ფორმა, რომელიც ცნობილია გულმკრდის ფორმის სახელწოდებით, ხასიათდება კრუპოზულნეკროზული პნევმონიით, ფიბრინული პლევრიტის და არცთუ იშვიათად, პერიკარდიტის განვითარებით. პასტერელოზის კრუპოზული პნევმონია, მკვეთრად განსხვავდება სხვა პათოლოგიური პროცესების დროს განვითარებული პნევმონიებისგან, რადგან პროცესის მწვავე მიმდინარეობის დროს, მკვეთრად არაა გამოხატული ფილტვის მარმარილოსებრი რელიეფი.

ამ დაავადების კიდევ ერთი თავისებურება არის ის, რომ ანთებად კერებს აქვთ მიდრეკილება ნეკროზისადმი, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ანთებად კერებში მიკრობები გამოყოფენ დიდი რაოდენობით ტოქსინებს. პროცესი თანდათან გადადის პლევრასა და პერიკარდიუმზე და ვითარდება ფიბრინული პლევრიტი და პერიკარდიტი.

კუჭ-ნაწლავში აღინიშნება კატარული ანთება, რის გამოც კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსი ჰიპერემიულია, შესიებულია და დაფარულია დიდი რაოდენობის ლორწოთი. ღვიძლი დისტროფირებულია და მასში არის ნეკროზული კერები.

მკურნალობა

დაავადებულ ცხოველებს ათავსებენ თბილ და მშრალ სადგოში. საკვებად აძლევენ ხარისხიან, ადვილად მოსანელებელ საკვებს. რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, უნიშნავენ ტეტრაციკლინისა და სულფანილამიდების ჯგუფის პრეპარატებს, მათი ინსტრუქციების შესაბამისად.

პასტერელოზის შრატის გამოყენებამ, შეიძლება ეფექტი მოგვცეს დაავადების მწვავე ფორმის საწყის სტადიაზე,როგორც კი გამოვლინდება პირველი კლინიკური ნიშნები. შრატი შეყავთ კუნთებში ან ვენაში,ოღონდ ორმაგი პროფილაქტიკური დოზა(რადგან ამ დროს კლინიკური ნიშნები უკვე სახეზეა);

შრატის ეფექტურობას აძლიერებს სულფანილამიდების პარალელური გამოყენება, აგრეთვე ის პრეპარატები, რომლებიც საჭიროა სიმპტომატური მკურნალობისას.

ღორებში, იმუნიტეტისთვის, გამოიყენება ღორის პასტერელოზის ვაქცინა. კარგ შედეგს იძლევა ახალი, თანამედროვე კომპლექსური ვაქცინა ,,ბორდე შილდ 4“, (BORDE SHIELD 4) (პასტერელოზის, პნევმონიის, რინიტის და წითელი ქარის საწინააღმდეგოდ). ეს არის პოლივალენტური ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და დაძაბულ იმუნიტეტს; არსებობს აგრეთვე ვაქცინა ,,სუივაკი“, რომლის გამოყენების ინსტრუქციაც იგივეა, რაც ,,ბორდე შილდ4“-ის.

არის ემულგირებული ვაქცინაც, რომლითაც ცრიან წელიწადში ერთხელ, თუმცა ამ ვაქცინის გამოყენებას თან ახლავს უკუჩვენებაც, რადგან ვაქცინაციის შემდეგ ხშირია საინექციო დაჩირქებები, რაც გამოწვეულია ორგანიზმის მიერ აღნიშნული ვაქცინის ცუდი შეწოვის უნარით.

ავტორი: ამირან კოჩალიძე/ღორის დაავადებები/

იხილეთ აგრეთვე: ღორის კლასიკური ჭირი

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB