აპისახლი საქართველოში

აპისახლი, მეფუტკრეობა, ფუტკარი, აგროტურიზმი, საქართველო

Api – ლათინურად ფუტკარს ნიშნავს, აპისახლი ფუტკრების სახლია, სადაც სხვადასხვა ტიპის საინტერესო სკების და ფუტკრების ცხოვრების დათვალიერებაა შესაძლებელი. აპისახლი თბილისთან ახლოს სოფელ სართიჭალაში მდებარეობს.

რა არის აპისახლი, ვინ დაარსა და რა მიზანი ქონდა მის გაკეთებას ?

მეფუტკრეობა სოფლის მეურნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დარგია, მეფუტკრეობას შეიძლება სხვადასხვა მიმართულება მიეცეს და მხოლოდ პროდუქტების წარმოებით არ შემოვიფარგლოთ.

სასარგებლო პროდუქციის გარდა ფუტკრებს ძალიან საინტერესო ცხოვრების ნირი  აქვთ, ისინი სოციალური მწერები არიან, მათ ახასიათებთ: სამუშაოს გადანაწილება, გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, გარკვეულწილად ,,აზროვნებენ” კიდეც. მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრებს, რომელიც სეზონების შესაბამისად 20-60 ათას წევრს მოიცავს, შეუძლიათ ერთობლივად აზროვნება და რთული გამოწვევების დაძლევა.

აპისახლი, მეფუტკრეობა, ფუტკარი, აგროტურიზმი, საქართველო

ფუტკრების ცხოვრება ადამიანისთვის ყოველთვის საინტერესო იყო, აქედან გამომდინარე აპისახლში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის სკები, როგორც ჩარჩოიანი ასევე უჩარჩოო, სადაც შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ ბუნებრივ განვითარებას (მიახლოებული ფუღუროში ცხოვრებისას ), როგორ აშენებენ ფიჭას და რა განსხვავებებია ჩარჩოიან და უჩარჩოო სკებს შორის.

აპისახლში ვიზიტორებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია თაფლის წარმოების შესახებ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის თაფლი, ყვავილის მტვერი და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ კიდეც. ვიზიტი ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი, როგორც უცხოელისთვის ასევე ადგილობრივისთვის.

აპისახლი, მეფუტკრეობა, ფუტკარი, აგროტურიზმი, საქართველო

მსგავსი აპიტურები პოპულარულია ევროპულ ქვეყნებში და დიდი ინტერესით სარგებლობს. ყოველდღიური რუტინული ცხოვრებით (რთული სამუშაო პირობები და სტრესული გარემო) გადაღლილი ადამიანებისთვის აპიტური ბუნებასთან ერთგვარი დასვენება, განტვირთვა და დადებითი ენერგიით დამუხტვაა. განტვირთვაში სწორედ ფუტკრებს შეუძლიათ თქვენი დახმარება, მაგრამ როგორ ახერხებენ ამას?

მეცნიერული კვლევები ადასტურებენ, რომ სკიდან გამოსული ჰაერი, (რომელიც ყველა სასარგებლო კომპონენტს შეიცავს ფუტკრის პროდუქტების და თავად ფუტკრების) და ფუტკრების ვიბრაციები დადებითად აისახება ადამიანის ჯამრთელობაზე და განწყობაზე, თუ  რათქმაუნდა ადამიანი ფუტკრის მიმართ ალერგიულობით არ გამოირჩევა.

აპისახლი, მეფუტკრეობა, ფუტკარი, აგროტურიზმი, საქართველო

სკის ჰაერით სუნთქვით პროცედურას აპითარაპია ეწოდება. ფუტკრის ოჯახის ჰაერით სუნთქვა ხდება ჰერმეტიულად დახურულ ხის ეკო სახლში, სადაც განთავსებულია ბადიანი სკები, საიდანაც ხდება ფუტკრების ჰაერის გამოდინება.

აპისახლში ვიზიტი და ექსკურიის მოწყობა  სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ, ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნების შეცნობა და გარემოს დაცვაზე ზრუნვა, მით უფრო რომ მოზარდი თაობა მიეჯაჭვა ინტერნეტ სივრცეს და ნაკლებად უხდება ბუნებასთან კონტაქტი, მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები გარემოსთან, ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას და სოფლის მეურნეობით დაინტერესებას. ასეთ ტურებში ბავშვები შეისწავლიან დამამტვერიანებელი მწერების მნიშვნელობას ეკოსისტემისთვის, გარემოს დაცვას და ასევე გაეცნობიან თაფლის წარმოების პრინციპებს.

აპისახლი, მეფუტკრეობა, ფუტკარი, აგროტურიზმი, საქართველო

აპისახლი ასევე უმასპინძლებს მეფუტკრეებს და მეფუტკრეობის შესწავლის მსურველებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ დარგში არსებულ თანამედროვე მიდგომებს და შეისწავლონ ფუტკრის ოჯახების მოვლა-პატრონობის წესები.

აპისახლის იდეა ეკუთვნის მეფუტკრე ფერმერ მარიამ კილაძეს, რომელმაც ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელსეწყობით განახორციელა ეს იდეა.

აპისახლი, მეფუტკრეობა, ფუტკარი, აგროტურიზმი, საქართველო

პროექტის მთავარი მიზანი გახლავთ საზოგადოების დაინტერესება სოფლის მეურნეობით, სკოლების ჩართულობა ეკო/აპი/ტურებში, ფუტკრის პროდუქტების სასარგებლო თვისებების წარმოჩენა, გარემოს დაცვა და მეფუტკრეების ინფორმირება მეფუტკრეობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

საკონტაქტო ნომერი: 599 44 51 14 მარიამი

ფეისბუქ გვერდი სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ სიახლეებს გადადით (დაკლიკეეთ) ბმულზე:

https://www.facebook.com/მეფუტკრეობის-სერვისი-Beekeeping-service

თქვენი რეკლამა