ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლის საფასური იზრდება

თურქეთი, ბოსფორი, დარდანელი

თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით გადაადგილების ღირებულებას მომავალი თვიდან გაზრდის. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ გააკეთა.

„1 ივლისიდან, თურქეთის სრუტეებში გაჩერების გარეშე გამავალი გემებისთვის დაწესებული მოსაკრებლების გამოსათვლელად გამოყენებული „ოქროს ფრანკის“ ღირებულება 15%-ით გაიზრდება და 5.83 დოლარს შეადგენს“, – განაცხადა ურალოღლუმ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ „ოქროს ფრანკის“ ღირებულება, რომელიც 2022 წლამდე 39 წლის განმავლობაში უცვლელი იყო და 0.80 აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა ყოველწლიურად გადაიხედება.

1936 წლის მონტრეს კონვენციის თანახმად, რომელმაც აღადგინა თურქეთის სუვერენიტეტი სრუტეზე შავი ზღვიდან – ხმელთაშუა ზღვამდე, ანკარას უფლება აქვს აკრიფოს საფასური სრუტეში გამავალი გემებისგან, ასევე სამაშველო და ევაკუაციის სამუშაოებისთვის, შუქურებისა და სამედიცინო სამსახურის ფუნქციონირებისთვის.

თქვენი რეკლამა