როგორ ავაცილოთ ფრინველს-ნიუკასლის დაავადება (ცრუ ჭირი)

მეფრინველეობისთვის ძლიერ საშიშია ფრინველის გადამდები დაავადებები. მათ შორის არის ნიუკასლის დაავადება (ცრუ ჭირი), რომლითაც ავადდებიან ფრინველები (ქათამი, ინდაური, ციცარი, ხოხობი, ფარშევანგი…).

ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული და დაავადება მოხდილი ფრინველი. ვირუსის გავრცელება ხდება გამოყოფილი სეკრეციებით, ექსკრემენტებით, კვერცხით და ამონასუნთქი ჰაერით.

აღმძვრელის გავრცელების ფაქტორებია: კვერცხი, ბუმბული და გერმა (ღინღლი), აგრეთვე ხორცი, ინვენტარი, დაავადებული ფრინველითვის გამოყენებული ქვეშსაფენი. თუ საინკუბაციო კვერცხი დაინფიცირებულია ვირუსით, ის იწვევს სეპტიცემიით ქათმის ემბრიონის სიკვდილს.

ფრინველის დაავადება ხდება ალიმენტარული და აეროგენური გზით, საკვებით, წყლით, ჰაერით, ასევე ჯანმრთელი და დაავადებული ფრინველის ერთად ყოფნით. ვირუსის რეზერვუარი შეიძლება იყოს გარეული ფრინველები, აგრეთვე, შინაური ფრინველები _ იხვები და ბატები.

ნიუკასლის დაავადების ტიპიური ფორმის დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, მოძრაობის ორიენტაციის დარღვევა. დაავადებული ფრინველის უმეტესობას გაფართოებული აქვს ჩიჩახვი, პირის ღრუდან აღენიშნებათ მყრალი სუნის სითხის დენა, ფრინველი სუნთქავს ღია ნისკარტით, აცემინებს, ცდილობს გათავისუფლდეს სასუნთქ გზებში დაგროვილი ექსუდატებისგან.

ნერვიული მოვლენები ვლინდება პარეზებით და დამბლის ნიშნებით _ კისერი გამრუდებული აქვს, ფრთები დაშვებული, ვითარდება უძრაობა. ფრინველი წონაში ჩამორჩება, წყდება კვერცხმდებლობა, ბუმბული აბურძგლული აქვს, ეტანება სიმყუდროვეს, სიბნელეს და განცალკევებას, ბიბილო თანდათან ლურჯდება და ბოლოს შავდება. ფეკალიები თხიერი, მომწვანო-მოყვითალო ფერისაა.

შეიძლება მოზრდილ ფრინველში ყველა ეს ნიშნები გამოხატული არ იყოს, მაგრამ დაავადება ფარული ფორმით მიმდინარეობდეს.

ფრინველის ჭირს ახასიათებს სეზონურობა. გამორიცხული არ არის დაავადების გამოვლენა წლის ნებისმიერ პერიოდში, მაგრამ უფრო მეტი საშიშროება იქმნება ადრეულ გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით, ვინაიდან ამ დროს უარესდება საკვები რაციონის სრულფასოვნება და საგრძნობია კლიმატური მერყეობა.

ცრუ ჭირზე დიაგნოზი ისმება ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების, პათოლოგიურ-ანატომიური ცვლილებების მიხედვითა და ლაბორატორიული გამოკვლევებით.

ნიუკასლის დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა დაფუძნებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე და ამიტომ დიფერენცირება უნდა მოვახდინოთ ისეთი მსგავსი კლინიკური ნიშნებით მიმდინარე დაავადებებთან, როგორიცაა: პასტერელოზი, ლარინგოტრაქეიტი, ინფექციური ბრონქიტი, მიკოპლაზმოზი, ფრინველის გრიპი, სპიროქიტოზი და მოწამვლები.

ფრინველის ჭირის საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. ერთადერთი გზა, თავიდან ავიცილოთ ქათმის ჭირი, ეს არის ფრინველის დროული იმუნიზაცია მაღალეფექტური ვაქცინებით. დაავადება მოხდილი და იმუნიზირებული ფრინველი გამოიმუშავებს იმუნიტეტს.

ფრინველის იმუნიზაციისთვის გამოიყენება ვირუსვაქცინები დამზადებული შემდეგი შტამებისაგან: ბ, ლა-სოტა, გამ-61, ჰაშ, ბორ-74, კომაროვ-შტამი. მხედველობაშია მისაღები, რომ ერთჯერადი იმუნიზაცია ხშირად არ არის საკმარისი ფრინველის დასაცავად. დღეს მთელს მსოფლიოში მიმართავენ იმუნიზაციის კომბინირებულ მეთოდებს.

მყარი იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა აიცრას კლინიკურად ჯანმრთელი ფრინველი შემდეგი სქემით: პირველი ვაქცინაცია ლასოტას შტამზე დამზადებული ვაქცინით 10-12 დღის ასაკში; მეორე ვაქცინაცია 25-30 დღის ასაკში. მესამე ვაქცინაცია ჰაში, გამ ან კომაროვ-შტამზე დამზადებული ვაქცინით 60-120 დღის ასაკში.

შემდეგ, ზრდასრული ფრინველი _ წელიწადში ერთხელ იგივე ვაქცინით. ლა-სოტას შტამის გამოყენებით აცრა ტარდება ცხვირში ჩაწვეთებით ან სუფთა წყალში გახსნით და დალევინებით. აცრების წინ აცლიან სასმელ წყალს და საათი-საათნახევრის შემდეგ ისევ უდგამენ.

ჰაშ ვაქცინას (გამ და კომაროვ) უკეთებენ შპრიცით მკერდის ან ბარძაყის კუნთში: 60-120 დღის ასაკის მოზარდს _ 0,5 ლ. დოზით. ზრდასრულ ქათმებს _ 1 მლ.; ინდაურს _ 2 მლ. აცრების პერიოდში ფრინველს უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული კვებისა და შენახვის პირობები, რათა “რბილად” გადაიტანოს პოსტვაქცინური რეაქცია.

ნიუკასლის დაავადების პროფილაქტიკის წარმატება, უწინარეს ყოვლისა, დამოკიდებულია ფრინველის შენახვისას მკაცრ ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებებისა და ნორმალური ზოოჰიგიენური პირობების შექმნაზე. მხოლოდ ამ ფონზე ექნება მოსალოდნელი ეფექტი დროული ვაქცინაციის ჩატარებას.

დაავადების აფეთქების შემთხვევაში, დაავადებულ და ეჭვმიტანილ ფრინველს ხოცავენ უსისხლო მეთოდით; ლეშს ანადგურებენ _ მარხავენ ღრმად ან წვავენ. დანარჩენ ფრინველს უტარებენ იმუნაზაციას, დაავადების კერაში დაბალღირებულების მოვლის საგნებს წვავენ, ხოლო საფრინველესა და დანარჩენ ინვენტარს უკეთებენ დეზინფექციას.

მოსახლეობისთვის ხელსაყრელია, ფრინველის ჭირის ვაქცინაციის ჩასატარებლად, გაითვალისწინონ სოფელში, უბანში, მეზობლად არსებული ფრინველის რაოდენობა და მოახდინონ მისი ერთდროული იმუნიზაცია.

თემურ მიმინოშვილი, ფერმერთა მომსახურეობის ცენტრი “ხელხვავი” 
gurianews.com
agrokavkaz.ge

კრედო ბანკი