მსხლის ჯიში კარმენი

1270 Views

კარმენი – იტალიური წარმოშობის ჯიშია, მიღებულია იტალიის მეხილეობის ექსპერიმენტული ინსტიტუტის მიერ ფოლის საცდელ სადგურში 1999 წელს (სელექციონერი – ლორენცო რივალტა), ჯიშების გიუოსა და ბელა დე ჯიუნოს [Guyot X Bella di Giugno] შეჯვარებით. ამჟამად საკმაოდ პოპულარულია ევროპაში.

საქართველოში შემოტანილია 2010 წელს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სოფ. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.

მორფოლოგიური დახასიათება

ხე არის საშუალო ზრდის, სწორმდგომი. ვარჯი პირამიდული ფორმის საშუალოდ დატოტვილი, ტოტები ღეროდან გამოდის მკვეთრი მახვილი კუთხით. სანაყოფე ტოტები სწორი, მონაცრისფრო-მომწვანო ფერის, მცირედ შებუსული, მუხლთშორისები საშუალო სიგრძის.

კვირტები მსხვილი, მომრგვალო- კონუსური ფორმის, მიკრულია ყლორტზე. ფოთოლები საშუალო სიდიდის, მუქი მწვანე ინტენსიური შეფერვის. ფირფიტის ფუძე მართკუთხა, წვერი მახვილი, კიდე – ხერხკბილა. ყუნწი გრძელი, თანაფოთოლაკები არ აქვს. ფოთლის განლაგება ღეროსთან ჰორიზონტალური, წვერი ოდნავ დაშვებული. ყვავილი საშულო სიდიდის, თეთრი ფერის, გადაშლილი, გვირგვინის ფურცლები მომრგვალო ფორმის, განცალკევებული.

ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები

ნაყოფი მსხვილია (მასა 180-230გ), მოგრძო მსხლისებური ფორმის, თანაბარზომიერი (H9.6 X D7.2სმ). ნაყოფის დიამეტრი საშუალო. ლამბაქი (ჯამის ღრუ) საშუალო, არა ღრმა. ჯამი საშუალო ზომის, წახნაგოვანი, ნახევრად ღია, ჯამის ფოთოლაკები ზემოთ მიმართული. ყუნწი საშუალო სიგრძის (36-42მმ), სქელი, მოხრილი. ყუნწის ყლორტთან მიმაგრების ადგილი ამობურცული.

ნაყოფის გული პატარა, ოვალური ფორმის, სათესლე კამერები პატარა, ნახევრად ღია, ან დახურული. თესლი პატარა ზომის. ნაყოფის კანი თხელი, ნაზი, მოყვითალო-მწვანე ფერის. სრულ სიმწიფეში ნაყოფის ზედაპირის 30-40% იღებს წითელ შეფერვას.

კანის მთელი ზედაპირი დაფარულია მრავალრიცხოვანი დამახასიათებელი კალმახის მსგავსი ტექსტურის წერტილებით. რბილობი თეთრი ფერის, ნაზი, წვნიანი, ტკბილი, დაბალანსებული მჟავიანობით, საუკეთესო გემოსი, ძალიან არომატული. დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხეზე რჩება (არ ვარდება), გადამწიფების გარეშე. სადეგუსტაციო შეფასება 4.9 ბალი (5-ბალიანი სისტემით).

მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 11..2 – 12.8 % (Brix); შაქარი -7,2 – 8.3 გ/100გ; ტიტრული მჟავიანობა – 0.37 – 0.47%.

ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები

ზრდა და მსხმოიარობა

ჯიშისთვის დამახასიათებელია ვეგეტატიური ნაზარდის საშუალო და სანაყოფე ტოტების განვითარების მაღალი უნარი. მსხმოიარობს მარტივ და რთულ მეჭეჭებზე. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3 – მე-4 წელს (კომში BA-29). მოსავლიანობა საშუალო, კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 13,5 – 15.8კგ/ხე. კარგად იმყნობა კომშის სხვადასხვა საძირეებზე.

ყვავილობა და დამტვერვა

ჯიში საშუალო პერიოდის მოყვავილეა (საკონტროლო ჯიშ ვილიამსზე 1-2 დღით ადრე). ყვავილობს აპრილის მეორე დეკადაში. ყვავილობის ხანგრძლივობა 9-11 დღეა. (სოფ. ჯიღაურას პირობებში). მომთხოვნია დამამტვერიანებლების მიმართ. ოპტიმალური დამამტვერიანებელი ჯიშებია: ვილიამსი, კონფერენცია, სანტა მარია

გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ

საკმაოდ გამძლე ჯიშია ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ.

სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები

გამორჩეული საგემოვნო თვისებების მქონე ზაფხულის სიმწიფის პერიოდის ჯიშია. მწიფდება ივლისის ბოლოს – აგვისტოს პირველ დეკადაში (სოფ.ჯიღაურას პირობებში). სამაცივრო პირობებში (0-1°C) ინახება 1-2 თვე. ახასიათებს კარგი ტრანსპორტაბელობა. ნაყოფი მოიხმარება, როგორც სასუფრე ხილი, ნედლად და საკომპოტედ.

ჯიშის დადებითი თვისებები

ჯიშისთვის დამახასიათებელია საუკეთესო საგემოვნო თვისებები და ნაყოფების მიმზიდველი ვიზუალი; უხვი მსხმოიარობა; ნაყოფის მაღალი ტრანსპორტაბელობა;

ჯიშის უარყოფითი თვისებები

ნაყოფები, ისევე როგორც ყველა ზაფხულის პერიოდის სიმწიფის ჯიში, დიდხანს არ ინახება. მოითხოვს სწრაფ რეალიზაციას.

ზოგადი შეფასება

ჯიში რეკომენდებულია გასავრცელებლად სამრეწველო მეხილეობის რეგიონებში.

მსხალი, ჯიში, კარმენი

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

სტატიას აქვს საინფორმაციო ხასიათი.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB