რა უნდა ვიცოდეთ ხორცის ნახევარფაბრიკატების შესახებ

ნახევარფაბრიკატები

ნახევარფაბრიკატებს ვეძახით პროდუქტებს, რომელიც „ნახევრად-მზადაა“, ანუ მოხმარებამდე კიდევ ერთ, საბოლოო დამუშავებას საჭიროებს.

ნახევარფაბრიკატებიდან ყველაზე გავრცელებულია გატარებული ხორცისგან (ხორცის ფარშისგან) ნახევრად-დამზადებული პროდუქტები: მოუხარშავი გაყინული ხინკალი, პელმენი, შესაწვავი კატლეტები და ხორციანი ბლინები. ამ პროდუქტების მომზადება იოლია და ამიტომ ისინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ხორცის ნახევარფაბრიკატებით სარგებლობისას ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ვიცოდეთ: გატარებული ხორცი იდეალური გარემოა მიკრობების განვითარებისათვის. ამიტომ ფარში ძალზე მალე ფუჭდება.

გაფუჭების პროცესის შესანელებლად ხშირად ნახევარფაბრიკატებს ღრმად ყინავენ. თუმცა პროდუქტის თვისებების და უვნებლობის შენარჩუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში პროდუქტის ტემპერატურა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მის შეფუთვაზეა მითითებული.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მაღაზია ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით ღამით საყინულე მაცივრებს თიშავს, რის შედეგედაც გაყინული პროდუქტების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი ირღვევა. შედეგად პროდუქტების ხარისხიც უარესდება და ისინი უფრო მალეც ფუჭდება — დარღვეულ ტემპერატურულ პირობებში შენახვის ვადა ეტიკეტზე დაწერილს აღარ შეესაბამება.

ამიტომ დაბეჯითებით გირჩევთ: შეიძინეთ ხორცის ნახევარფაბრიკატები მხოლოდ იმ მაღაზიებში, სადაც ღამე მაცივრებს არ თიშავენ!

ერთ-ერთი საშუალება იმის გასარკვევად, სწორად ინახებოდა თუ არა პროდუქტი არის მისი გარეგანი დათვალიერება – თუ გაყინული ხინკლები ან პელმენები ერთმანეთზე მიწებებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ერთხელ უკვე გალღვა! არ შეიძინოთ ასეთი პროდუქტი!

აგრეთვე მიაქციეთ ყურადღება, გაყინული პელმენის ან ხინკლის ზედაპირი დამსკდარი ხომ არ არის – ეს დეფექტი პროდუქტის არასწორი გაყინვისას წარმოიშობა. დამსკდარი პროდუქტი უხარისხოა, იგი მოხარშვისას აუცილებლად დაიშლება.

შენახვა და მოხმარება სახლში

სახლში გაყინული ნახევარფაბრიკატები აუცილებლად საყინულეში უნდა შეინახოთ. წაიკითხეთ ეტიკეტზე შენახვის ვადა და მიაქციეთ ყურადღება შენახვის ტემპერატურას. თუ თქვენს საყინულეში ტემპერატურა მითითებულზე მაღალია, შენახვის ვადაც შესაბამისად უნდა შემცირდეს.

გაუყინავი ნახევარფაბრიკატები (შესაწვავი კატლეტი ან ბლინი) მაცივარში (0 — +4 გრადუსზე) 2 დღემდე ინახება, ხოლო თუკი იგი ვაკუუმ-შეფუთვაშია 5 დღემდე.

გაყინული ფარში ჯობს მაცივრის ქვედა განყოფილებაში გაადნოთ, ვინაიდან მაცივარში იგი 16 საათის განმავლობაში არ გაფუჭდება, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე კი გამდნარი ფარში უკვე 2-3 საათში გაფუჭებას იწყებს.

ხორცის ნახევარფაბრიკატების მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ გაყინულ პროდუქტს მომზადებისთვის 5-6 წუთით უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ ხინკალს ან პელმენს.

ეს იმიტომ, რომ ადუღებულ წყალში გაყინული ნახევარფარიკატების ჩაყრის შემდეგ წყლის ტემპერატურა ეცემა, ამიტომ ცეცხლს უნდა ავუწიოთ, რომ წყალი ხელახლა სწრაფად წამოდუღდეს. ამის შემდეგ ჩაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ პროდუქტი ნელ ცეცხლზე იმდენი წუთი, რაც მისი მომზადების ინსტრუქციაშია მითითებული.

წყარო: momxmarebeli.ge

თქვენი რეკლამა