2026 წლიდან, შპს საქართველოს მელიორაცია, ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.
პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მელიორაციის მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ და „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა საფრანგეთის ელჩ ოლივიე კურტოსთნ ერთად დაათვალიერეს ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის ცალკეული კვანძები, კერძოდ, პალდოს სათავე ნაგებობა, თბილისის ზღვაზე არსებული კოშკური ტიპის სათავე ნაგებობა და წყალგამშვები კვანძი ქვემო მაგისტრალურ არხზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს მასშტაბურ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს არსებული საირიგაციო სისტემის სრულ რეაბილიტაციას და მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდის მიმართულებით.
პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2026-2030 წლებში.
ზემო სამგორის სისტემის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის რეგიონების ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

