
უზბეკური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შესვლის უზრუნველსაყოფად, უზბეკეთის მცენარეთა დაცვისა და კარანტინის სააგენტოს ხელმძღვანელობა და 20-ზე მეტი წამყვანი ექსპორტიორისგან შემდგარი დელეგაცია ლონდონს ეწვია.
ფესტივალის „უზბეკური კულტურა და ეროვნული სამზარეულო“ ფარგლებში, რომელიც ლონდონში 21-22 ივნისს გაიმართა, ორგანიზებული იყო სავაჭრო გამოფენა „უზბეკეთის პროდუქტები“.
უზბეკებმა ლონდონში 2 ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ჩაიტანეს, რათა უცხოელი მყიდველებისთვის ნიმუშები წარედგინათ. ფესტივალზე დამსწრე 35 ათასზე მეტმა სტუმარმა, მათ შორის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა, მაღალი შეფასება მისცეს უზბეკური პროდუქტების ხარისხს.
23-24 ივნისს, უზბეკეთის დელეგაციამ ლონდონში ხილისა და ბოსტნეულის იმპორტიორი კომპანიების მსხვილი საბითუმო ბაზრები და საწყობები მოინახულა, იტყობინება Dunyo. შესწავლილი იქნა ბრიტანეთის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტებზე საჭიროება და ხარისხის მოთხოვნები.
25 ივნისს, ლონდონში, უზბეკეთის საელჩოში გაიმართა ბიზნეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 25-ზე მეტმა მსხვილმა ბრიტანელმა იმპორტიორმა, სავაჭრო, ლოჯისტიკური და მომსახურების კომპანიამ.
ღონისძიებებისა და შეხვედრების დროს, ექსპორტიორებმა პირდაპირი კონტაქტები დაამყარეს პოტენციურ ბრიტანულ კომპანიებთან და მიაღწიეს პირველ საექსპორტო შეთანხმებებს.