ბიონახშირი ნიადაგში ნახშირბადის დაგროვებას 44%-ით ნაკლები აზოტის გამოყენებით უზრუნველყოფს

ნახშირი, ნახშირბადი, აზოტი

შვეიცარიაში ჩატარებულმა ხუთწლიანმა საველე კვლევამ აჩვენა, რომ ბიონახშირის გამოყენება ნიადაგში ორგანული ნახშირბადის შემცველობაზე სხვადასხვა სავარგულზე განსხვავებულად მოქმედებს. ამასთან, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბიონახშირით დამუშავებულ ნიადაგში ნახშირბადის მატებას 44%-ით ნაკლები აზოტი სჭირდება.

შვეიცარიის სოფლის მეურნეობის ფედერალური კვლევითი ინსტიტუტის (Agroscope) მეცნიერებმა, იენს ლაიფელდმა და დილანი რათნაიაკემ, ხუთ კომერციულ მეურნეობაში ბიონახშირის გამოყენების შედეგები შეისწავლეს. კვლევა ციურიხის კანტონში, ქალაქ ფლაახის მახლობლად, 2017–2022 წლებში მიმდინარეობდა. მისი შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Frontiers in Soil Science-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრები ხის ნედლეულისგან მიღებულ ბიონახშირს სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში იყენებდნენ — ყოველწლიურად ჰექტარზე დაახლოებით ერთ ტონას, ჯამში კი 3–5 ტონას. ცდის ფარგლებში თითოეული ნაკვეთი ორ ნაწილად გაიყო: ერთ ნაწილში ბიონახშირს ამატებდნენ, მეორე კი საკონტროლოდ გამოიყენებოდა. ორივე ნაწილს ერთნაირად უვლიდნენ, ხოლო ნახშირბადისა და აზოტის შემცველობის შესაფასებლად ნიადაგის ნიმუშებს 60 სანტიმეტრის სიღრმიდან იღებდნენ.

ნახშირბადის შემცველობა სხვადასხვა მეურნეობაში განსხვავებულად შეიცვალა

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბიონახშირის გავლენა ყველა ნაკვეთზე ერთნაირი არ ყოფილა. ხუთი მეურნეობიდან სამში ნიადაგის ორგანული ნახშირბადის შემცველობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გაიზარდა, ერთში ცვლილება უმნიშვნელო იყო, ხოლო ერთ მეურნეობაში ეს მაჩვენებელი შემცირდა. ეს უკანასკნელი შემთხვევა დაფიქსირდა ნაკვეთზე, რომელიც ბიონახშირის შეტანამდე სამწლიანი ბალახ-სამყურას თესლბრუნვიდან იყო გამოსული. ეფექტი არ გამოვლენილა ბოსტნეულის ნაკვეთზეც, სადაც ნიადაგს ხშირად ხნავდნენ.

მთლიანი მონაცემების სტატისტიკურმა შეფასებამ ბიონახშირის გამოყენების შედეგად ნიადაგის ორგანული ნახშირბადის ერთგვაროვანი ზრდა ვერ დაადასტურა. თუმცა, 2022 წლის საბოლოო გაზომვისას ბიონახშირით დამუშავებულ ნაკვეთებში ნახშირბადის შემცველობა საკონტროლო ნაკვეთებთან შედარებით, მთლიანობაში, მნიშვნელოვნად მაღალი აღმოჩნდა.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ შედეგებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბიონახშირი, არამედ ნიადაგის მოვლის სხვა პრაქტიკაც. მაგალითად, ორგანული ნახშირბადის შემცველობა ზოგიერთ საკონტროლო ნაკვეთშიც გაიზარდა, რაც კომპოსტისა და ნაკელის გამოყენებას უკავშირდებოდა.

ბიონახშირის გამოყენებისას ნახშირბადის მატებას ნაკლები აზოტი სჭირდება

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული შედეგი აზოტის რაოდენობას შეეხებოდა. 400 დაწყვილებული ნიადაგის ნიმუშის შედარებისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკონტროლო ნაკვეთებში ორგანული ნახშირბადის ყოველი დამატებითი კილოგრამის დაგროვებას დაახლოებით 0,10 კგ აზოტი სჭირდებოდა, ხოლო ბიონახშირით დამუშავებულ ნაკვეთებში — მხოლოდ 0,056 კგ. ეს დაახლოებით 44%-ით ნაკლებია.

მკვლევრების განმარტებით, ბიონახშირი ნახშირბადით მდიდარია, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს აზოტს. შესაბამისად, ნიადაგში მისი დამატება ნახშირბადის მარაგს ზრდის ისე, რომ ამ პროცესს ჩვეულებრივ ორგანულ ნივთიერებებთან შედარებით ნაკლები აზოტი სჭირდება.

ბიონახშირი უნივერსალური გამოსავალი არ არის

კვლევის ავტორები ბიონახშირის გამოყენებას ნიადაგში ნახშირბადის საიმედოდ დაგროვების უნივერსალურ მეთოდად არ მიიჩნევენ. მიღებული შედეგების მიხედვით, მისი ეფექტის წინასწარ განსაზღვრა მხოლოდ ნიადაგის ტიპის, კლიმატური პირობების ან გამოყენებული ბიონახშირის რაოდენობის მიხედვით შეუძლებელია.

მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ხუთწლიანი ცდის განმავლობაში ბიონახშირის გამოყენებას მოსავლიანობის ცვლილება არ გამოუწვევია. მათი დასკვნით, ბიონახშირის ეფექტის შესაფასებლად აუცილებელია კონკრეტული მეურნეობის პირობების, ნიადაგის მდგომარეობისა და არსებული აგროტექნიკური პრაქტიკის გათვალისწინება.

წყარო: Global Agriculture

თქვენი რეკლამა