უზბეკეთი 2027 წელს საქართველოს ფოთის პორტში 500 000 ტონა გამტარუნარიანობის ლოჯისტიკური ცენტრის გახსნას გეგმავს. ამასთან, უახლოეს პერიოდში პრაქტიკული სამუშაოების დაწყება იგეგმება ანაკლიის პორტშიც. ამის შესახებ უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ილხომ მახკამოვმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს უზბეკეთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების 60%-ზე მეტი საქართველოს სატრანზიტო მარშრუტს იყენებს, რაც ქვეყნისთვის შავი ზღვის მიმართულების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
ამ პროექტების შესახებ განცხადება გაკეთდა 18 აგვისტოს, როდესაც უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი ხორეზმის რეგიონის მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანა უახლოეს წლებში 105 ახალი სამრეწველო და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელთა საერთო ღირებულება 27 მილიარდ დოლარს შეადგენს.
პრეზიდენტის განცხადებით, მსხვილ პროექტებს შორისაა ჯიზახის რეგიონში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის ამოქმედება 2029 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ალმალიკის რეგიონში სპილენძის მეოთხე გადამამუშავებელი ქარხნის აშენება, ასევე თანამედროვე ავტომაგისტრალების — ტაშკენტი-სამარყანდისა და ტაშკენტი-ანდიჯანის — განვითარება.
გარდა ამისა, ხორეზმის რეგიონში მიმდინარეობს ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის საწარმოს მშენებლობა, სურხანდარიაში შენდება 940 ჰექტარზე განთავსებული თანამედროვე სათბურის კომპლექსი, ხოლო ტაშკენტის რეგიონში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი ხორციელდება.
ქვეყნის მასშტაბით ასევე იგეგმება ახალი საცხოვრებელი დასახლებების მშენებლობა, რომლებიც დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის განთავსებაზე იქნება გათვლილი.
შავკატ მირზიიოევის განცხადებით, ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებიც აღნიშნულ პროექტებში პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებას გეგმავენ, უცხოელ ინვესტორებთან თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
წყარო: Gazeta.uz

