„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ მუშაობა დაიწყო

აბრეშუმის, გზის, ფორუმი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ მუშაობა დაიწყო – ღონისძიების გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა, გახსნით პანელში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაფუძნებულია და მისი პატრონაჟით ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გახსნით პანელზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა. 

„2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა. საქართველომ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის ეს ჯერ კიდევ კარგად ჩანს, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალი არის 100 ათასობით ადამიანი. ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ განადგურების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, დაუყონებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ფორუმის გახსნითი პანელის მთავარმა სპიკერებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს როგორც ზოგადად აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ისე დღესდღეობით რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის აუცილებლობაზე.  

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ წელს უპრეცედენტოდ მაღალი დაინტერესებაა, მასში 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. პანელურ სესიებში სპიკერები იქმებიან ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები. აღსანშნავია, რომ უმაღლესი დონის ოფიციალური დელეგაციების გარდა ფორუმზე ასევე აქტიურად და მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი გლობალური ბიზნეს-სექტორი.

ფორუმი ორი დღის განმავლობაში, 26–27 ოქტომბერს იმუშავებს და მის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე: „შუა დერეფნის“ მზარდი როლი; სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარება; ფინანსური სექტორი; კავშირგაბმულობა; ენერგეტიკა; ტურიზმი; ტექნოლოგიები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. 

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართული სესიებს მოდერატორობას გაუწევენ BBC-ის, Bloomberg-ის, Deutsche Welle-ს და სხვა წამყვანი ჟურნალისტები.  ღონისძიებას 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი  ჟურნალისტი გააშუქებს.

წყარო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

თქვენი რეკლამა