სოფლის მეურნეობისთვის ახალი კანონპროექტი მუშავდება

სოფლის, მეურნეობის, კანონი

აგრარულ საკითხთა კომიტეტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს.

ამ კანონპროექტის თაობაზე კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, სადაც საბჭოს წევრებმა კანონპროექტის თაობაზე ინფორმაცია მიიღეს და მოსაზრებები გამოთქვეს.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავეს და მის ინიცირებას პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფი მოახდენს.

„კანონპროექტი იქნება ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს და განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და წარმოებასთან დაკავშირებით მიზნებსა და ამოცანებს. რაც მთავარია, ამ კანონპროექტში პირველად ჩნდება ფერმერის და ფერმერული მეურნეობების განსაზღვრება, მათ შორის, თავად ფერმერთა რეესტრის წარმოების პრინციპები. აღნიშნული კანონი, მიღების შემდეგ, იქნება წინაპირობა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროგრამები გადავიდეს გადამხდელთა სააგენტოს პრინციპზე, რომელიც ევროკავშირის მოდელს წარმოადგენს და რომელთან დაკავშირებითაც ევროკავშირის და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციისგან კარგი თანამშრომლობის ფორმატები გვაქვს. სამინისტრო კი გეგმავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოახდინოს დღეს მოქმედი სოფლის მეურნეობის სააგენტოს ტრანსფორმაცია და გადააქციოს იგი თანამედროვე ევროპული სტანდარტის გადამხდელთა სააგენტოდ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, აღნიშნული მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში წარმატებით გამოიყენება. მნიშვნელოვანია, რომ გადამხდელთა სააგენტოს პრინციპი, რომლის დანერგვას კანონპროექტი ითვალისწინებს, კონკრეტული კატეგორიის ფერმერების და სხვადასხვა დარგობრივ მიმართულებებზე გათვლილი სახელმწიფო პროგრამების დაფუძნებას გულისხმობს.

თქვენი რეკლამა