
ხმელთაშუა ზღვა ანომალიურ მნიშვნელობებამდე გათბა. მეცნიერების თქმით, დედამიწის ენერგეტიკული ბალანსი დაირღვა.
ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ რაიონში წყლის ტემპერატურამ 2025 წლის ივნისში სეზონურ ნორმას ხუთ გრადუსზე მეტით გადააჭარბა, წერს Der Spiegel, კოპერნიკის დედამიწის მონიტორინგის თანამგზავრულ სერვისზე დაყრდნობით.
1 ივლისს პიკური ტემპერატურა 29,85°C დაფიქსირდა, ზღვა განსაკუთრებით მკვეთრად გათბა ბალეარის კუნძულებთან, ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და საფრანგეთის სამხრეთით. გამოცემა აღნიშნავს, რომ იქ წყლის ტემპერატურამ „სახლის აბაზანის“ დონეს მიაღწია. ასეთი მაჩვენებლები, როგორც წესი, ზაფხულის პიკში ფიქსირდება და არა მის დასაწყისში.
მეცნიერები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმით, რომ პიკური მაჩვენებლები ძალიან ცოტა ხნის წინ განახლდა: როგორც 2022, ასევე 2023 წლებში და უკიდურესად თბილი ფაზები ახლა „უჩვეულოდ დიდხანს“ გრძელდება.
ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მთელ რეგიონზე. ანომალიურად თბილი წყალი სტრესს ქმნის საზღვაო ეკოსისტემისთვის: ზოგიერთი სახეობა ადაპტირდება, სხვების არსებობა საფრთხის ქვეშაა, არ არის გამორიცხული მარჯნების, ზღვის ბალახებისა და მოლუსკების მასობრივი სიკვდილი. თევზჭერაც ზარალდება, რადგან თევზები მიგრირებენ ან პოპულაციები ქრება.
ზღვაში სიცხე ხმელეთზე სიცხეს ნიშნავს, წერს Der Spiegel. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბუნებაში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და უფრო თბილი წყალი „მეტად დაგროვილ ენერგიას“ ნიშნავს. აორთქლების შემდეგ, ტენიანმა ჰაერმა შეიძლება გამოიწვიოს შტორმები და წყალდიდობები, იქნება მეტი ქარიშხალი.
ეს პირდაპირ გავლენას ახდენს გერმანიაზეც. „მაგალითად სამხრეთ-დასავლეთის ძლიერი დინებების დროს, ჰაერი ჩრდილოეთ აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით მოდის, ამ დროს ერთადერთი გამაგრილებელი ფაქტორი შეიძლება ზღვა იყოს, მაგრამ თუ უკვე ძალიან თბილია, ეს ეფექტი სუსტდება და გერმანიაში სიცხე შეიძლება გაძლიერდეს“, – განმარტავს გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის (DWD) წარმომადგენელი ანდრეას ბეკერი.
მსგავსი მოვლენები შეინიშნება მსოფლიოს ზღვებში; ოკეანეები აღარ შთანთქავენ ზედმეტ სითბოს. მეცნიერები ასკვნიან, რომ დედამიწის ენერგეტიკული ბალანსი ირღვევა.
წყარო: DW