სომხეთი და ირანი სატრანსპორტო თანამშრომლობას აღრმავებენ

სომხეთი, ირანი, სატრანსპორტო

ერევანი და თეირანი მდინარე არაქსზე მეორე ხიდის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრმა ფარზანე სადეგმა, Tasnim-თან ინტერვიუში განაცხადა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთსა და ირანს შორის მეორე ხიდის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები დასრულდა.

როგორც სადეგმა აღნიშნა, წინასწარ შეთანხმდა ნორადუზში მეორე ხიდის მშენებლობა, არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, სასაზღვრო ტერმინალების გაუმჯობესება, ასევე სატვირთო მანქანების გადასახადების გადახედვა.

„ეს ნაბიჯები ტვირთების გადამზიდავების მუშაობას გაამარტივებს და სრულფასოვან სატრანზიტო პაკეტს შექმნის. პაკეტის შედგენა უახლოეს თვეებში დასრულდება“, – განაცხადა ირანელმა მინისტრმა. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება რკინიგზის პროექტებს ეთმობა. სადეგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ირანში გზა უკვე ჯულფამდე აღწევს და ჯულფა-ერევანის მარშრუტი დამტკიცებულია.

გარდა ამისა, მხარეები საჰაერო ტრანსპორტის სფეროში მემორანდუმის ხელმოწერისთვის ემზადებიან. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, დღის წესრიგში ასევე პორტის ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობაა. ამ მიზნით, იგეგმება სპარსეთის ყურისა და ომანის ზღვის სანაპიროზე მდებარე სამხრეთ ირანის პორტების ლოჯისტიკური პოტენციალის გამოყენება.

„ეს ინიციატივები ირანს, სომხეთს, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას შორის ტრანზიტის განვითარებისთვის მყარ საფუძველს შექმნის“, – აღნიშნა სადეგმა. ამავდროულად, ერევანში ასევე შეთანხმდნენ სპარსეთის ყურე-შავი ზღვის საავტომობილო და სარკინიგზო დერეფნის განვითარების შესახებ.

მდინარე არაქსზე ახალი ხიდის დაგეგმვის სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დაიწყო.

თქვენი რეკლამა