ეროვნული სატყეო სააგენტო გურიის რეგიონში, სოფელ სურებში 8 კილომეტრამდე მონაკვეთზე ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
„ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო გზების აღდგენა, ერთი მხრივ, მოსახლეობას გაუადვილებს ტყეკაფებიდან საშეშე მერქანის გამოტანას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობა“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია სამიზნე რეგიონებში (გურია, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი) კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციის პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების, დახარისხებისა და „საქმიან ეზოებში“ დასაწყობების სამუშაოებს ატარებს. ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, ჯამში, 54 „საქმიანი ეზოა“ მოწყობილი, საიდანაც მოსახლეობას შეუძლია სასურველ პერიოდში შეიძინოს საშეშე მერქანი.