საფრანგეთში ხახვისა და სხვა ბოსტნეულის დეფიციტს ელიან — ძლიერი სიცხის ტალღებმა მოსავალი გაანადგურა

საფრანგეთი, გვალვა

საფრანგეთში ძლიერი სიცხის ტალღების გამო ხახვისა და სხვა ბოსტნეულის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც უახლოეს კვირებში მაღაზიებში გარკვეული სახეობის ახალი პროდუქციის დეფიციტს ელიან.

სექტორული გაერთიანება Vegetables of France, რომელიც ქვეყნის ბოსტნეულის მწარმოებლებს აერთიანებს, მიმდინარე სეზონს „კატასტროფულს“ უწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით, 2026 წელი უკვე გადაიქცა ნამდვილ annus horribilis-ად (საშინელ წლად).

ყველაზე მეტად დაზარალდა ხახვი, სტაფილო, პრასი, კამა, ბოლოკი, ნიორი, მოცვი და მარწყვი. მწარმოებლების ინფორმაციით, ზოგიერთ კულტურაში მოსავლის შემცირება შესაძლოა 50%-საც მიაღწიოს, რაც ფერმერებისთვის ათეულობით მილიონი ევროს ზარალს ნიშნავს.

მაისიდან საფრანგეთში უკვე სამი რეკორდული სიცხის ტალღა დაფიქსირდა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 44°C-ს გადააჭარბა. მაღალ ტემპერატურასა და მშრალმა ქარმა ნიადაგიდან ტენი იმდენად სწრაფად გამოაშრო, რომ მცენარეების ფესვებმა წყლის მიღება ვეღარ შეძლეს და ნათესების დიდი ნაწილი განადგურდა.

Vegetables of France-ის თანათავმჯდომარის, სირილ პოგუს განცხადებით, როდესაც მინდორი რამდენიმე საათში იწვის, ფერმერი მთელი სეზონის შრომას კარგავს და საფრთხის წინაშე დგება მეურნეობის მომავალიც.

პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს გვალვა, წყლის დეფიციტი და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებში არსებული შეფერხებები. ორგანიზაციის შეფასებით, იმპორტიც ვერ შეძლებს ადგილობრივი წარმოების დანაკლისის სრულად შევსებას, რის გამოც მაღაზიებში დროებითი დეფიციტი და პროდუქციის შემცირებული არჩევანი მოსალოდნელია.

საწყისი პროგნოზით, საფრანგეთში წელს დაახლოებით 495 ათასი ტონა პომიდორი უნდა წარმოებულიყო, თუმცა მწარმოებლების ინფორმაციით, რეალური მოსავალი ზოგიერთ რეგიონში თითქმის 50%-ით შემცირდა. მძიმე მდგომარეობაა სალათის, კომბოსტოს, ბროკოლისა და პრასის წარმოებაშიც, სადაც სეზონის აღდგენის შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ არსებობს.

ექსტრემალურმა სიცხემ გავლენა მხოლოდ მცენარეულ წარმოებაზე არ მოახდინა. საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო 700 ათასი ქათამი დაიხოცა, ხოლო გადარჩენილი ფრინველი გაცილებით ნაკლებ და უფრო მცირე ზომის კვერცხს დებს. რძის ფერმებიც აღნიშნავენ, რომ სიცხის ფონზე ძროხების რძის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

კლიმატური მოვლენების გავლენაზე ბოლო პერიოდში FAO-მაც გააფრთხილა მსოფლიო. ორგანიზაციის შეფასებით, კლიმატის ცვლილება და ძლიერი El Niño-ს განვითარების რისკი გლობალურ სასურსათო წარმოებას კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს უქმნის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მიწოდების ჯაჭვები უკვე ზეწოლის ქვეშაა.

წყარო: The Telegraph

თქვენი რეკლამა