ყაზახეთმა კარტოფილის ექსპორტი 6 თვით აკრძალა

ყაზახეთი, კარტოფილის, ექსპორტი

ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო საქმიანობის უწყებათაშორისმა კომისიამ გადაწყვიტა კარტოფილის ექსპორტის შეზღუდვა 6 თვის ვადით, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეტყობინებაზე დაყრდნობით, იუწყება EastFruit.

მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით უზბეკეთის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნისა და საექსპორტო მაღალი ფასების გამო წელს ყაზახეთიდან კარტოფილის ექსპორტი 1,5-ჯერ გაიზარდა – 411 ათასი ტონიდან 605 ათას ტონამდე.

აღნიშნულია, რომ დაჩქარებულმა მოთხოვნამ გავლენა მოახდინა შიდა ბაზარზე. ამრიგად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 170-დან 270 ტენგემდე (0,32$ – 0,51$).

ამასთან დაკავშირებით, შიდა ბაზარზე კარტოფილის ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო საქმიანობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2025 წლის 18 იანვარს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კარტოფილის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ მესამე ქვეყნებში 6 თვის ვადით. ეს ღონისძიება არ ეხება EAEU (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) ქვეყნებს, თუმცა ამ მიმართულებით ექსპორტის მონიტორინგი განხორციელდება.

ამასთან, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 16 იანვარს მთლიანად შეჩერდა ექსპორტზე ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემა.

„გატარებული ღონისძიებები მიზნად ისახავს კარტოფილზე ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ფასების არაგონივრული ზრდის თავიდან აცილებას და ბაზრის მონაწილეთა მხრიდან სპეკულაციური ქმედებების აკრძალვას“, – განმარტავენ დეპარტამენტში.

ამასთან, ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, ხელისუფლების ანტიმონოპოლიურ ტერიტორიულ განყოფილებებთან ერთად ინტენსიურად აკვირდებიან სიტუაციას და ვაჭრობის საკითხებზე მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღებენ ზომებს ბაზარზე ზემოქმედებისთვის.

ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დღეს არსებული რეზერვები საკმარისია შიდა საჭიროებების სრულად დასაფარად 2025 წლის ადრეულ მოსავალამდე. რეზერვები, 19 იანვრის მდგომარეობით, შეადგენს 850 ათას ტონას, საცალო ქსელებში არსებული მარაგების გარეშე (600 ათასი ტონა კარტოფილის მწარმოებელთა ასოციაციაში, 68 ათასი ტონა სტაბილიზაციის ფონდებში, 200 ათას ტონაზე მეტი სარდაფებში კერძო საყოფაცხოვრებო ნაკვეთებსა და მცირე ფერმებში).

კარტოფილის მთლიანმა მოსავალმა 2024 წელს შეადგინა 2,9 მილიონი ტონა (საადრეო მოსავლის ჩათვლით – 300 ათასი ტონა).

იხილეთ აგრეთვე: კარტოფილის მოყვანის ტექნოლოგია და რამდენიმე ჯიში

თქვენი რეკლამა