კომპანიამ „ჩირინა“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გახსნა

ჩირინა

კომპანიამ „ჩირინა“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გახსნა.

ახალი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი ლარის მოცულობის და საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკების (EBRD) ფინანსურური მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია.

ახალი საწარმო პირველია საქართველოში, რომელსაც საკუთარი ნედლეულის ბაზა აქვს და ხორცპროდუქტებს ახალი, ნედლი ხორცისგან აწარმოებს.

საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. დღიური წარმოება 8-10 ტონა პროდუქციაზეა გათვლილი.

კომპანიის „ჩირინა“ ახალი საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო,

„ის ფაქტი, რომ ბრენდი „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეს ქართული ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ახალი საწარმოს გახსნით აღნიშნავს, ქვეყანაში აგრარული დარგის განვითარების და წინსვლის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ყველა წარმტებული წარმოება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლირებას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ნიშნავს. დღეისათვის, ასეულობით ბრენდირებული  ქართული აგროპროდუქტის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიოს არაერთ ბაზარზე. ამ პროდუქციის  უმეტესობა სახელმწიფოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით აშენებულ საწარმოებში იქმნება. სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულ პოზიციაზეა. მოქმედებს არაერთი სახელმწიფო პროექტი და პროგრამა იმისათვის, რომ შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქცია. ჩვენ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვახორციელებთ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხითაც, რასაც თან ახლავს მარკეტინგული ღონისძიებები. ჩვენი მიზანია, ქართული აგრარული პროდუქცია გავხადოთ მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნადი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.

როგორც თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, ახალ საწარმოში დასაქმდებიან  ადამიანები, ძირითადად ახლომდებარე ლოკაციებიდან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ, დღეისთვის, „ჩირინა“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსია. მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვების ქარხანა, ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია „სანა“. წარმოების თითოეული რგოლი აკრედიტირებულია ISO 22000 სტანდარტით HACCP-ის პრინციპებით.

თქვენი რეკლამა