წარმოების გაზრდის მიზნით, კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ დედოფლისწყაროში ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ზეთისხილის ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა კომპანიის „სვანაძის ზეთისხილი“ ხელმძღვანელ გიორგი სვანიძესთან ერთად ჩაუშვა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 3000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა ზეთისხილის ბაღები. მათი დიდი ნაწილი სწორედ დედოფლისწყაროშია გაშენებული. ყოველ წელს ველოდებით მზარდ მოსავალს. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროდუქციის ადგილზე გადამუშავება, რაც ქმნის დამატებით ღირებულებას. ასევე მნიშვნელოვანია პროდუქციის რეალიზაცია. ახალი საწარმო ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, დაასაქმებს მეტ ადამიანს და რეგიონში მეტ ფერმერს მოუტანს კეთილდღეობას”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც კომპანიის „სვანიძის ზეთისხილი“ ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით ზეთისხილის ბაღი გააშენა, სადაც მილიონი ხე დარგო. ბაღის მიმდებარე ტერიტორიასთან ახალი საწარმოს მშენებლობა 9 თვეში დასრულდება.
საწარმო იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოში მოყვანილი ზეთისხილის სრული მოსავლის გადამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ამ კულტურის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში; შეიქმნება დამატებით 250-მდე სამუშაო ადგილი და უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
საწარმოში იგეგმება უმაღლესი ხარისხის Extra Virgin ზეთისხილის ზეთისა და მარინადის წარმოება, რომელიც მოამარაგებს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებს.
იხილეთ აგრეთვე: ზეთისხილი – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ჯიშები