გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 4 241 336 ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე კიკეთში, ახალი, თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
„სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების იდენტიფიცირება, ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგის ეფექტიანი სისტემების შექმნა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტრო, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს დაკვირვების ქსელის გაუმჯობესებისთვის. დღეს, ქვეყანას უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარები, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციისა და გაფრთხილებების შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
2020 წელს, ანალოგიური რადარი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა, რომელიც ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში გაეშვა. აღნიშნული რადარის მეშვეობით, სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ არაერთი გაფრთხილება გაიცა მოსალოდნელ არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე, რაზეც საგანგებო სიტუაციების სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარებით ქვეყნის აღჭურვა საშუალებას იძლევა დამოუკიდებლად მოხდეს წინასწარი პროგნოზირება, როგორც მეტეოროლოგიური პირობები, ასევე წინასწარ განისაზღვროს სტიქიური მოვლენების დროს მოსალოდნელი საფრთხეები.
მწვანე კლიმატის ფონდის მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც დამონტაჟდება ახალი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურები. ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების ზონირების რუკები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფს ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას.